მთავარიაზიაისრაელიისრაელი კვლავ მოუწოდებს გაეროს სამშვიდობოებს, დატოვონ ლიბანის სამხრეთი

ისრაელი კვლავ მოუწოდებს გაეროს სამშვიდობოებს, დატოვონ ლიბანის სამხრეთი

ლიბანში გაეროს დროებითი სამშვიდობო ძალების (UNIFIL) მისიის პრესსპიკერი, ანდრეა ტენენტი ისრაელის თავდაცვის ძალებს სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმაში ადანაშაულებს.

ბოლო დღეებში სამხრეთ ლიბანში ხუთი სამშვიდობო დაიჭრა და ამაში UNIFIL ბრალს ისრაელის თავდაცვის ძალებს სდებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა პრესსპიკერის განცხადებას და უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ სამშვიდობოებზე თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო. მან მწუხარება გამოთქვა დაჭრილი სამშვიდობოების გამო, თუმცა დასძინა, რომ ისინი „ჰეზბოლასთვის“ ერთგვარ ცოცხალ ფარს წარმოადგენენ.

ნეთანიაჰუ მოუწოდებს სამშვიდობოებს, დროებით დატოვონ სამხრეთ ლიბანის რეგიონი.

„მინდა პირადად გაეროს გენერალურ მდივანს მივმართო: დრო მოვიდა, რომ „ჰეზბოლას“ სიმაგრეებიდან და საბრძოლო ზონიდან სამშვიდობოები გაიყვანოთ. ისრაელი განუწყვეტლივ სთხოვდა UNIFIL-ს, თავი დაეღწიათ საფრთხისგან.

ისრაელის თავდაცვის ძალები განუწყვეტლივ ითხოვდა ამას და გაეროსგან მუდმივად უარს იღებდა. ეს მისია ტერორისტებისთვის ცოცხალი ფარის უზრუნველყოფაა. თქვენი უარი სამშვიდობოებს „ჰეზბოლას“ ტყვეებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც სამშვიდობოების, ისე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ჩვენ ვწუხვართ სამშვიდობო ჯარისკაცის დაჭრის გამო და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს აღარ განმეორდეს, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე მარტივი გზა მათი საფრთხის ზონიდან გაყვანაა“, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ორშაბათს ანდრეა ტენენტიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალები სამხრეთ ლიბანს არ დატოვებენ. მისი თქმით, UNIFIL-ს ჯერ კიდევ შესწევს ძალა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს კონფლიქტის ზონაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას. ტენენტი დასძენს, რომ კონფლიქტის გადაჭრის სამხედრო გზა შედეგს ვერ მოიტანს და ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიური მიდგომაა.

პარალელურად, ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა იზრდება. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის თქმით, გაეროს სამშვიდობო ჯარისკაცებზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და ომის დანაშაულია. ბენიამინ ნეთანიაჰუ კი პასუხად ამბობს, რომ ევროპელმა ლიდერებმა ზეწოლისთვის არასწორი ქვეყანა შეარჩიეს.

„სამშვიდობოებზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობოებს“, – ამბობს სტეფან დუჟარიკი.

გაეროს უშიშროების საბჭომ გამოთქვა ღრმა შეშფოთება სამხრეთ ლიბანში სამშვიდობოებზე თავდასხმის გამო და საბჭოს თხუთმეტივე წევრმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა სამშვიდობო მისიისადმი რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

UNIFIL 1978 წელს შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გასვლისთვის ზედამხედველობა გაეწია. ამ ეტაპზე სამხრეთ ლიბანში 10 000 მშვიდობისმყოფელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend