კუბის დედაქალაქ ჰავანაში ცხოველთა თავშესაფრების თანამშრომლები ამბობენ, რომ მიტოვებული ძაღლებისა და კატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან მოსახლეობა კუნძულს ეკონომიკური კრიზისისა და უკეთესი ცხოვრების საპოვნელად ტოვებს.
ამ ეტაპზე ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოველი დარჩა უპატრონოდ, არ არსებობს, მაგრამ მცირე რესურსის მქონე თავშესაფრებისთვის ზრდა შესამჩნევია.
ცხოველების მოყვარული სამეზობლოები მაქსიმალურად ცდილობენ უპატრონო ძაღლებისა და კატების დაპურებას, თუმცა ეკონომიკური კრიზისი ყველასთვის მძიმეუღელია და საკმარისი საკვები ცხოველებისთვის გასაყოფად აღარ რჩება.
კუბაში ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო დაიწყო და აშშ-ის სანქციებმა ეს კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
აშშ-ის სასაზღვრო განყოფილების ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით 600 000 კუბელმა მიგრანტმა მიმართა.
დამატებით კუბელი მიგრანტების დიდი რაოდენობა შეიმჩნევა ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ეს არ არის უმნიშვნელო მაჩვენებელი კუბისთვის, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონია.
კუბელებისთვის ცხოველის თან წაყვანა ფინანსური პრობლემების გამო ფაქტობრივად შეუძლებელია. ჰავანიდან აშშ-ის ქალაქ მაიამიმდე ცხოველის ტრანსპორტირება 1200$ ღირს, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან ცხოველთა პატრონებს დამატებით 1300$-ის გადახდა უწევთ.
დიდ ხარჯებს უკავშირდება ცხოველთა მოვლაც. მთავარი დამსაქმებელი კუბაში სახელმწიფოა. საჯარო სექტორში ყოველთვიური ანაზღაურება 21$-ია, ხოლო ძაღლის საკვების 20-კილოიანი ტომარა 70$ ღირს. ვეტერინართან ვიზიტი კი შესაძლოა 10$ ჯდებოდეს.
ჰავანაში ყოველ შაბათს იმ იმედით, რომ მიტოვებულ ცხოველებს ახალ პატრონებს მოუძებნიან, ცხოველთა აყვანის კამპანიას ატარებენ, თუმცა თავშესაფრების აზრით, ეს არ არის საკმარისი და სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.