პრეზიდენტის ვერშემდგარი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებიდან ზუსტად 1 წლის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე იმპიჩმენტის გზით გადაყენების მიზეზად მმართველ პარტიაში პირველი ქალი პრეზიდენტის მთავრობისადმი მორიგ ურჩობას ასახელებენ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ბოლო ვიზიტები ევროპის პარტნიორ ქვეყნებში მთავრობის ხედვებში არ ჯდება და მას ამის უფლება არ ჰქონდა.
„მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხისა და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ, მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ იმპიჩმენტი ამჯერად, მართლაც, შედგება, ოღონდ არა სალომე ზურაბიშვილის.
„„ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს ერთხელ უკვე დამარცხდა და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არა მხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია „რუსული კანონით”, რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ორივე ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი. ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის” წევრმა თეონა აქუბარდიამ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების ხელმეორე პროცედურას ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. მისი თქმით, ეს მხოლოდ პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და წინასაარჩევნო გარემოს არ წაადგება.
„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მთავრობასა და პრეზიდენტს აქვთ განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები. მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ჩვენ ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა გასულ წელს ან ამ წელს ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას, თუმცა ამ დროისთვის, ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის „ქართულ ოცნებას“ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მინიმუმ 100 ხმა დასჭირდება. მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს. დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე და რა პროცესები განვითარდება პოლიტიკურად ქვეყანაში ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტს.
ალეკო გვეტაძე