საქართველოს საარჩევნო კომპასი 2024 – geocompass.ge არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, მათი საარჩევნო პროგრამებისა და ხედვების შესახებ. პლატფორმა ხელმისაწვდომი დღეიდან გახდა.
ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
ვებსაიტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ დიპირო და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი მარსელ როთიგი.
„დღეს ჩვენ ავამოქმედეთ ელექტრონული კომპასის ვებგვერდი ქართველი ამომრჩევლებისთვის. ასეთი ინსტრუმენტი ჩვენც გვაქვს გერმანიაში გერმანელი ამომრჩევლებისთვის. გასულ არჩევნებში ჩვენს ქვეყანაში ამ პორტალს 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. ყველაფერს გაიგებ ამ გვერდზე, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეს. ყველა პარტიის სამოქმედო გეგმისა და ხედვის შესახებ არის ინფორმაცია. შემდეგ კი თავად წყვეტ, რომელი პოლიტიკური ძალა დგას შენს პოზიციებსა და შეხედულებებთან ახლოს და საბოლოოდ აკეთებ ინფორმირებულ არჩევანს. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც, განსაკუთრებით ამ მომენტში. ამომრჩეველი სანამ არჩევნებზე ხმის მისაცემად წავა, ის კარგად ინფორმირებული უნდა იყოს. პლატფორმა „საქართველოს კომპასი” ამის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა.