ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე ჩავიდა უკრაინაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა კიევს მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ ფართომასშტაბიან ომში უკრაინის გამარჯვება გლობალურ მშვიდობას უზრუნველყოფს.
„ჩემთვის ჩემი მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატოს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია. სწორედ ამიტომ, ვართ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ასეთი ერთგულები, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს გამოხატავს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
Mark Rutte’s first visit as NATO Secretary General @SecGenNATO is to Ukraine, and this is truly significant. It immediately and clearly outlines the priorities, highlighting where the shared values of the entire Euro-Atlantic region are being defended right now. It also… pic.twitter.com/cknjtn7SsY
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 3, 2024
პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კიევის სწრაფვას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი მიზანია უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრება ალიანსში. უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ. ამ მიზნისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 10-წლიანი მმართველობის შემდეგ იენს სტოლტენბერგი მარკ რუტემ პირველ ოქტომბერს შეცვალა. ამ პოსტის დაკავების შემდეგ ეს მარკ რუტეს პირველი ვიზიტია უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მმართველის რანგში.
სამხედრო ბლოკის ახალი ლიდერის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ცნობილია. მას მიაჩნია, რომ კიევს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად საერთაშორისო წესების თანახმად, აქვს სრული უფლება, გამოიყენოს შეიარაღება სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად მაშინაც კი, თუ სამიზნეები აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განლაგებული.