საქსტატის გათვლებით, აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ შარშან მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 64 მილიარდი ლარი იყო, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 12 მილიარდით აღემატება.
შესაბამისად, ერთ წელიწადში ზრდა 22% იყო, 2020 წელთან შედარებით კი, როცა წლიური ბრუნვა 32 მილიარდი ლარი იყო, მაჩვენებელი გაორმაგებულია.
შედეგად, ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში (205 მილიარდი ლარი) სათამაშო ბიზნესის წილი შარშან 31,2% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით პრაქტიკულად არ შეცვლილა.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.
რაც შეეხება დასაქმების ეფექტს, საქსტატის მიხედვით, 2023 წელს აზარტული თამაშების ბიზნესში სულ 12 223 ადამიანი იყო დასაქმებული, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი 3 228 ლარს შეადგენდა.