დანიის დედაქალაქი ემზადება თავსხმა წვიმებისთვის, რომლებიც მომავალი ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო მეტად გახშირდება კლიმატის ცვლილების გამო. ამ წვიმებით გამოწვეული წყალდიდობები რომ ტრაგედიათა სერიად არ იქცეს, კოპენჰაგენში გიგანტური ინფრასტრუქტურა შენდება და ვითარდება.
წყალი კოპენჰაგენის ყველაზე თვალწარმტაცი სიმდიდრეა. თუმცა ზოგჯერ მას შეუძლია ქალაქს კოშმარად ექცეს. მეცნიერების პროგნოზით, სტიქიური უბედურებები მოხშირდება. დანიის დედაქალაქში ცდილობენ, კლიმატის ცვლილებას სათანადოდ მომზადებული დახვდნენ.
აქ ყველას ეშინია წყლის ტალღების. ეშინია დამანგრეველი, თავსხმა წვიმის. ამიტომ კოპენჰაგენის მერიამ გარკვეული გეგმა დასახა, რომლის მიხედვითაც, აგებენ ინფრასტრუქტურას როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ.
მეცნიერები კატეგორიულად გვაფრთხილებენ: თავსხმა წვიმები სულ უფრო გახშირდება მომავალი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. წყლის საშიში მოცულობა რომ მართოს, ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რამდენიმე გვირაბი გაეთხარა.
“შეგვიძლია, ეს გვირაბები წყლით ავავსოთ და წყლის მარაგი შევქმნათ,” –ამბობს დიტე რაინჰოლდტ იენსენი, HOFOR-ის კლიმატთან ადაპტაციის ექსპერტი. „ძალიან ძლიერი წვიმის დროს, თუკი ვერაფერს მოვუხერხებთ მოსულ წყალს, შეგვიძლია ეს გვირაბები პორტში ჩავცალოთ“.
ოცი მეტრის სიღრმეზე გათხრილი კილომეტრნახევრიანი გვირაბი პორტს ქალაქის შიდა ტბასთან აკავშირებს.
“შტორმის დროს მთელი ეს არემარე წყლით იფარება,“ – განმარტავს მეთიუ ჯონ მოგრიჯი, HOFOR-ის მშენებლობის მენეჯერი. „წარმოიდგინეთ, კილომეტრის რადიუსში მუხლამდე წყლით სავსე ქუჩები. სწორედ ამ მოცულობის წყლის დატევა შეუძლია ამ გვირაბებს“.
კოპენჰაგენში დაწვრილებით გაწერეს წყლის ნაკადის მიმართულების გეგმა შტორმის დროს. აი, კიდევ ერთი მაგალითი: ამ ფერდობზე მდებარე კარლსბერგის უბანს შეუძლია 3 ათასი კუბური მეტრი წყლის დატევა. ჭარბი ნალექის დროს წვიმის წყალი ისტორიულ ენგავეს პარკში ჩაიცლება. დაგეგმილი სისტემის მიხედვით, წყალი ჯერ საფეხბურთო მოედანს აავსებს, მერე – ტბას, შემდეგ კი – ბაღს. თუ ესეც არ იკმარებს, სპეციალური კედლები დაიხურება და წყალს პარკის ფარგლებში მოაქცევს, რომელსაც 8 ოლიმპიური საცურაო აუზის წყლის მოცულობის დატევა შეუძლია. ამ პარკში მოსეირნე ადამიანი ვერც კი მიხვდება, რომ ეს რეალურად წყლისგან დამცავი სისტემაა.
“ სწორედ ეს ჩავიფიქრეთ, როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ,“ – გვიხსნის იან რასმუსენი, კოპენჰაგენის კლიმატთან ადაპტაციის გეგმის პროექტის მენეჯერი. „ვთქვით, რომ ეს ქალაქის ნაწილი უნდა ყოფილიყო. აქაურობა ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი პარკი“.
ამ ქალაქში მცირე ზომის ბუნებრივ ლანდშაფტსაც იყენებენ: ეს წვიმის შემგროვებელი ბაღები საცხოვრებელ ადგილთან გააშენეს…ისეთ ადგილებსაც სინჯავენ, სადაც ნიადაგი უფრო კარგად იჟღინთება, მაგალითად – ხეივანს.
კოპენჰაგენში მდებარე ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო წლების განმავლობაში დაჟინებით მოუწოდებდა ქალაქებს, რათა კლიმატის ცვლილებისთვის მომზადებულიყვნენ და ამისთვის ინვესტიციები გაეღოთ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი ფართი არსებობს ასეთი ტიპის წვიმის ბაღების გასაშენებლად, პარალელურად უნდა შექმნა ფართო სახურავების, გზებისა და სხვა ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის ალტერნატიული სივრცე, რომელიც შესაბამისი მოცულობის წყალს დაიტევს და ნიადაგშიც ჩავა. ეს არის ქალაქების გამოწვევა. ამ კუთხით ბევრი კეთდება, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი“, – განმარტავს ვაუტერ ვანევილი, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ექსპერტი.
ავტორი: სირილ ფურნერისი