მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSშარლ მიშელმა გაეროში უკრაინაში, სუდანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა

შარლ მიშელმა გაეროში უკრაინაში, სუდანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრა

26 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წარდგა. თავის სიტყვაში მან ისაუბრა უკრაინაში, სუდანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, რაც რეგიონის სტაბილიზაციისკენ მიმავალი გზაა.

შარლ მიშელი დასძენს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მოგვარება ორი სახელმწიფოს შექმნით სრულიად შესაძლებელია.

აგრეთვე, შარლ მიშელმა მოუწოდა ჩინეთის მთავრობას რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის დახმარების პოლიტიკას გადახედოს და გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა გაეროს წესდების ნორმები გათვალისწინებული იყოს.

„ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს მის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ამის საჭიროება იქნება. ჩვენ ვიქნებით გაეროს წესდების პრინციპებზე დამყარებული სამართლიანი და გრძელვადიანი გლობალური მშვიდობის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ერთგული“, – აცხადებს შარლ მიშელი.

„ჩვენ გვსურს, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განკარგულების შესაბამისად. მშვიდობიანი მოქალაქის ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ამრიგად, ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას აზიანებს. ევროკავშირი მოქმედებს და სურს უფრო მეტი გააკეთოს გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ორი სახელმწიფოს შექმნით. დაუსრულებელი დაპირისპირება უნდა მორჩეს და დავამატებდი, რომ ამ დაპირისპირებაში ლიბანის ჩართვა უპასუხისმგებლო საქციელია“, – ამბობს შარლ მიშელი.

„გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროკავშირი ცდილობს, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისას ბალანსი იპოვოს და შეამციროს მასზე დამოკიდებულების რისკები, რადგან ასეთი გადაჭარბებული დამოკიდებულება მოწყვლადს გვხდის მოვლენების მიმართ და გზას უხსნის კონფლიქტებს. აგრეთვე, ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს არ დაეხმაროს რუსეთს უკრაინაში უკანონო ომის წარმოებაში, არც პირდაპირ, არც ირიბად. ნაცვლად ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა გაეროს წესდებით გათვალისწინებული ნორმები დაცული იყოს“, – აცხადებს შარლ მიშელი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend