„ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, შესაბამისად, 7 თვის საშუალო ზრდამ 9.7% შეადგინა“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მისივე განმარტებით, ეს მაჩვენებელი ევროპაში რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია და ახლა მთავარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა იწყებს მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებში 43 კორპუსი აშენდება და ბინა 1200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. პრემიერის განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეები თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან. მისი თქმით, ეს ინიციატივა სამხედროების მოტივაციის გაზრდასა და ქართული ჯარის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„წინა სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოემზადებინა გეგმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პროექტის ახალი ეტაპის დასაწყებად. მინდა მას მადლობა გადავუხადო სწრაფი რეაგირებისა და გეგმის წარმოდგენისთვის. ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც აშენდება 43 კორპუსი და ბინა გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს. ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება. თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში მხოლოდ 100 დოლარს გადაიხდიან და მის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები სულადობის პრინციპის შესაბამისად განაწილდება. სამხედროები 50-80 და 100 კვ მეტრის ბინებს მიიღებენ. ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ამას ჩვენი ახალი თავდაცვის კოდექსი უზრუნველყოფს. ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს, აამაღლებს სამხედროების მოტივაციას და გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს. ზოგადად, ეს ყველაფერი გააძლიერებს ქართულ ჯარს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.