იაპონიის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში 27 სექტემბერს ახალი ლიდერის გამოსავლენად არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა თანამდებობას მთავრობასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალების გამო დატოვებს. პარტია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი მათ მოსახლეობის ნდობის დაბრუნებაში დაეხმარება.
ამ ეტაპზე კიშიდას ადგილას ცხრა კანდიდატი მოიაზრება. მათ შორის, ვხვდებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ძიუნიტირო კოიძუმის, შვილს. შინიჯირო კოიძუმი 2009 წლიდან იაპონიის პარლამენტის წევრია და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრია. ის მთავრობის მეთაურის კანდიდატად დიდი ხანია მოიაზრება.
„თუ მე გავხდები პრემიერ-მინისტრი, მე მაშინვე დავითხოვ იაპონიის წარმომადგენელთა პალატას და ხალხს გავაცნობ ჩემს აზრებსა და გრძელვადიან გეგმებს. როგორც კი ჩვენ მოსახლეობის ნდობას დავიბრუნებთ, მე დავიწყებ მუშაობას ახალ პოლიტიკურ რეფორმებზე იაპონიისა და იაპონური პოლიტიკის გარდაქმნისთვის. სწორედ ამიტომ, დამიჭირეთ მხარი“, – აცხადებს შინიჯირო კოიძუმი.
მიუხედავად შინიჯიროს გამოუცდელობისა, მას აქვს რამდენიმე უპირატესობა დანარჩენ კანდიდატებთან: ის არისტოკრატიული ოჯახიდან არის, ახალგაზრდაა და პოპულარობით სარგებლობს.
მისი პოლიტიკური ოპონენტები საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. ვხვდებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს, შიგერუ იშიბას, რომელიც ტაივანის დიდი მხარდამჭერი და აზიური „ნატოს“ შექმნის ინიციატორია, თუმცა 67 წლის არის, აგრეთვე, სანაე ტაკაიჩის, რომელიც ყოფილი პრემიერის, შინზო აბეს, დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. პრემიერობის წინა არჩევნებზე მან მესამე ადგილი დაიკავა კანდიდატებს შორის. ორივე კანდიდატი ქალია და ისინი პრემიერობაზე კენჭს უკვე მეხუთედ იყრიან. თუმცა ორივე მათგანის კონსერვატიული ხედვები და ლგბტქ+ თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის თვალში ნაკლებად სასურველ კანდიდატებად აქცევთ.
კენჭისყრა 27 სექტემბერს ჩატარდება და პარტია ახალ ლიდერს იმავე დღეს წარადგენს.