„ის ილჰამ ალიევის დაკვეთით დააკავეს. ალიევი დიქტატორია! აფგანის დაკავების შემდეგ სამიზნე მე ვარ, მემუქრებიან, რომ ჩემს შვილებს რამეს დაუშავებენ. ეს აზერბაიჯანში დაიწყო და საქართველოშიც გრძელდება. მემუქრებიან, რათა აფგანი არ დავიცვა”, – ამბობს თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიქოვის მეუღლე.
„არა ექსტრადიციას აზერბაიჯანში“ – ამ ლოზუნგით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აფგან სადიქოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სადიქოვის მეუღლე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოს არ გადასცეს.
აფგან სადიქოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივებით ორჯერ დააკავეს. იგი აქტიურად წერს კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე, ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ სადიქოვის ექსტრადიციით საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს და ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობას აგრძელებს. აღნიშნავენ იმასაც, რომ აზერბაიჯანში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სისტემურად ირღვევა და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სადიქოვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
„აქცია არის ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სოლიდარობის დემონსტრირება აფგან სადიქოვის ოჯახის მიმართ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენა. თქვენ იცით, რომ აფგან სადიქოვი საექსტრადიციო პატიმრობაშია. „ქართული ოცნება“ მის ექსტრადიციას გეგმავს, თუმცა ჯერ არსებითი პროცედურები არ დაწყებულა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სადიქოვი უკანონო პატიმარია. ცხადია, რომ მისი ექსტრადიცია დაარღვევს წამების აკრძალვასა და სამართლიან სასამართლოზე უფლებებს. აზერბაიჯანი კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის სისტემაა, სადაც 200-ზე მეტი პოლიტპატიმარია. მათ არ აქვთ საბაზისო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. სადიქოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის მისი აბსოლუტური უფლებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას გამოიწვევს. ამიტომ, ჩვენ მის გათავისუფლებასა და ექსტრადიციის პროცესის შეჩერებას ვითხოვთ. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ავტორიტარულ შემობრუნებას აჩვენებს. ამასთან, აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალურობას მეზობელი ავტორიტარული სახელმწიფოების მიმართ.
გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელ დისიდენტებს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობასა და პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევს. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ეს ადამიანები საქართველოში დევნას, შევიწროებას, უკანონო თვალთვალს განიცდიან, ხელისუფლება ამ საქმეებს არ იძიებს და მათ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს. ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ დისიდენტებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მისია დაიბრუნოს. აქ მათ ფიზიკური და სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობა ეძლეოდათ. სამწუხაროდ, ბოლო წლებია საქართველო ამ დემოკრატიულ მისიას კარგავს“, – ამბობს თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
„ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელიც ახლა საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, არის ჟურნალისტი, რომელიც თავის ქვეყანაში საკუთარი საქმიანობის გამო იდევნებოდა. ის საქართველოში ჩამოვიდა, რადგან ამ ქვეყანას მისთვის უსაფრთხოდ თვლიდა. მისი დაკავება იმისთვის, რომ გადასცენ აზერბაიჯანს – ქვეყანას, სადაც მას მაღალი ალბათობით არასათანადოდ მოეპყრობიან და სადაც ის ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების დარღვევაა,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
აფგან სადიქოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში მკურნალობისთვის ჩამოვიდა. 2024 წლის 3 აგვისტოს იგი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, სადიქოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის 9 მაისს აღიძრა.