2025 წლიდან (ETIAS) „ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა” საჭირო გახდება თითქმის ყველა ევროკავშირის წევრი და შენგენის ზონის წევრი ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად, ირლანდიის გარდა.
ავტორიზაციის გავლა დასჭირდებათ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ, ასეთია 59 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც.
ლეგალური პროცედურები ამ სისტემის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და მოსალოდნელია, რომ 2025 წლის მაისში სრულად ოპერაციული გახდება. მისი მეშვეობით თითოეული აპლიკანტი გაივლის დეტალური უსაფრთხოების შემოწმებას. სისტემა შეინახავს პირად მონაცემებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს მოუწევთ, რომ მიუთითონ მისამართი, პასპორტის დეტალები, ინფორმაცია წარსულში შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთის ან ნასამართლობის შესახებ. ასევე მათ მოუწევთ უპასუხონ შეკითხვებს ტერორიზმთან ან ორგანიზებულ დანაშაულთან შესაძლო კავშირის შესახებ.
მათ მოუწევთ განაცხადის საფასურის გადახდაც, რაც 7 ევროს ოდენობის იქნება (გამონაკლისი იქნება 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის). შემდეგ კი, მაქსიმუმ ორ კვირაში მოქალაქე მიიღებს პასუხს, წარმატებით გაიარა თუ არა აპლიკაციის პროცესი.
როგორც ცნობილია, სისტემა არ შეინახავს ბიომეტრიულ მონაცემებს, თუმცა იგი დაკავშირებული იქნება მოქალაქის პასპორტთან და დადასტურებიდან 3 წლის განმავლობაში, ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე იმოქმედებს. მას გამოიყენებენ საქმიანი, ტურისტული, ასევე სამედიცინო და ტრანზიტული მოგზაურობის მიზნებით.
ავტორიზაცია იქნება სავალდებულო ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ბლოკმა გადაწყვიტა ახალი ავტორიზაციის სისტემის დანერგვა, არის უსაფრთხოება. მსოფლიოს გარშემო მზარდი უსაფრთხოების რისკების გამო ევროკავშირს სურს, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო მოგზაურობა საკუთარ საზღვრებს შიგნით.
გარდა უსაფრთხოებისა, ავტორიზაციის ახალი სისტემა ასევე გააძლიერებს ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკას, შეაფერხებს არალეგალურ მიგრაციას და გააუმჯობესებს ევროკავშირის საზღვრების მართვის სისტემას.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში იქნება ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეეგუონ ახალ სისტემას.