ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ იუნუსი ბანგლადეშის დროებით ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა.
84 წლის იუნუსის ინაუგურაციის ცერემონია ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გაიმართა. იუნუსმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პასუხისმგებლობაა, აღადგინოს ქვეყანაში სამართალი.
„ახალი მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სტუდენტები ითხოვენ და ასევე მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.ჩვენ უნდა მივხედოთ მზარდ ფასებსა და ინფლაციას – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მუჰამედ იუნუსიმ.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა მოითხოვეს სახელმწიფო სამსახურებში კვოტირების სისტემის გაუქმება. არსებული სისტემის თანახმად სამთავრობო სამუშაოების 30% ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომში მონაწილე ვეტერანების ოჯახებზე ნაწილდებოდა.
ჰასანის ხელისუფლება ქვეყანაში არეულობასა და ძალადობის წაქეზებაში ოპოზიციურ პარტიებს და მათ ახალგაზრდულ ჯგუფებს ადანაშაულებდა. პროტესტების საპასუხოდ ბანგლადეშის ყოფილმა ხელისუფლებამ დახურა სკოლები და უნივერსიტეტები, დაბლოკა ინტერნეტთან წვდომა და დააწესა კომენდანტის საათი.
სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი პირი დაიღუპა და 11 000-ზე მეტი იყო დაკავებული. ორშაბათს მომიტინგეები შეიჭრნენ შეიხ ჰასინას ოფიციალურ რეზიდენციაში, მისი გადადგომის მოთხოვნით.
მალევე მედიამ გაავრცელა კადრები, რომელიც ასახავდა თუ როგორ ტოვებდა ყოფილი პრემიერი ბანგლადეშს. ბანგლადეშის ჯარის გენერალმა ვაკერ–უზ–ზამანმა გამოაცხადა გეგმები, პრეზიდენტთან ერთად დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ. თავდაპირველად მუჰამედ იუნუსი განიხილებოდა, როგორც მომავალი დროებითი ხელისუფლების მთავარ მრჩევლად, თუმცა სტუდენტური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებოდნენ სამხედრო ხუნტას და მხოლოდ იუნუსის მმართველობას დაუჭერდნენ მხარს.
მუჰამედ იუნუსს 2006 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, ქვეყანაში არეულობის დროს იგი 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა, თუმცა, როდესაც იგი დროებითი ხელისუფლების მმართველად დანიშნეს ის დაუყოვნებლივ დაბრუნდა ბანგლადეშში.