მთავარისაქართველოსაქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

ხანმოკლე ვადაში ერთი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი აირჩია. 6 წლის ვადით ამ თანამდებობას უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე და ამ სისტემაში 11-წლიანი სტაჟის მქონე გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ დეპუტატები იმყოფებოდნენ. გენერალურ პროკურორს დარბაზში მყოფი 88 დეპუტატიდან მხარი 80-მა დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გიორგი გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. თავისი პროგრამისა და ხედვების წარდგენისას გიორგი გაბიტაშვილმა საგამოძიებო უწყების პრიორიტეტულ საკითხებად თაღლითობის, კორუფციის, ბავშვთა და მოზარდთა მიმართ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის პრევენცია და თანამედროვე მიდგომა დასახა. იგივე გაიმეორა კენჭისყრის შემდგომაც, სადაც უკვე მედიის წარმომადგენლებთან პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს გამოცხადებული ნდობისა და არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

„კანონით არის განსაზღვრული, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა. როგორც კანონითაა განსაზღვრული, რეალობაშიც ასე სრულდება. პროკურატურა სრულად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან. შემიძლია, ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ჩემი არჩევის შემთხვევაშიც ასე დარჩება. ეს ეხება როგორც უწყებას, ასევე პირადად მე. ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების პარალელურად მნიშვნელოვანია, პროკურორს ჰქონდეს კარიერული განვითარების გამჭვირვალე სისტემა, საკუთარი პოზიციისა და სტატუსის დაცვის საკმარისი გარანტიები და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველმყოფი მითითებები.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა, ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებასა და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს. საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი.

ზოგადად, სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკების გამსაღებლების, ადამიანებით მოვაჭრეების, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულში ჩართული პირების მიმართ მკაცრია და ვითხოვთ პატიმრობას. მკაცრია სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და, როგორც წესი, არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მადლობა საქართველოს პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.

გენერალური პროკურორის არჩევამდე კანდიდატის რანგში იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე გიორგი გაბიტაშვილს შეკითხვები დაუსვეს დეპუტატებმა. ამ სხდომაზეც ძირითადად „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებოდნენ. ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია დაესწრო ამ სხდომას. კომიტეტზე მყოფმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გიორგი გაბიტაშვილის პროკურორად დანიშვნას.

გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ოპოზიციის უმრავლესობამ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend