კვიპროსის რესპუბლიკაში ემიგრანტების ნაკადის მატებამ – განსაკუთრებით გაზაფხულისკენ – ქვეყნის მასშტაბით ცხარე დებატები გამოიწვია. დაისვა კითხვა, თუ რამდენად შეუძლია ამ ქვეყანას ემიგრანტების ასეთი დიდი ნაკადის მიღება. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი კვიპროსზე ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში და საკუთარი ყურით მოესმინა ყველა ჩართული მხარის თვალსაზრისი.
წელს კვიპროსის რესპუბლიკაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა ჩამოვიდა. ლტოლვილთა ნაკადის მომძლავრებამ, განსაკუთრებით გაზაფხულისკენ, ცხარე დებატები გამოიწვია იმის თაობაზე, თუ რამდენად შეუძლია ამ ქვეყანას, ლტოლვილთა ასეთ დიდ რაოდენობას გაუმკლავდეს. ჩვენი რეპორტაჟი ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში იწყება, რომელიც ემიგრანტებს მასპინძლობს იმ წუთიდან, როგორც კი ისინი კუნძულზე ფეხს დაადგამენ.
იმ დღეს, როდესაც ცენტრში მივედი, იქ თავშესაფრის 300 მაძიებელი დამხვდა. ადრეულ გაზაფხულზე კი მათი რიცხვი 1100 იყო, მათი უმეტესობა სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, იემენიდან ან სუდანიდან არის.
თავშესაფრის მაძიებელი სუდანიდან:
“თუ სუდანში დავბრუნდები, მხოლოდ ორი არჩევანი მექნება. ან არმიაში უნდა შევიდე, ან – გასამხედროებულ ბანდფორმირებაში. და ორივე შემთხვევაში მომკლავენ“.
თავშესაფრის მაძიებელი იემენიდან:
“იმიტომ წამოვედი, რომ მქონდეს უფლებები, მშვიდობა და თავისუფლება, მეც მაქვს ოცნებები და მინდა მომავალი მქონდეს“.
ამ ადამიანებზე მანამ ზრუნავენ, სანამ მათი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა დასრულდება. გარეთ ვერ გადიან. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. სულ ცოტა ხნის წინ გარეთ გასვლა შეეძლოთ და პრობლემებმაც არ დააყოვნა. მახლობლად მდებარე სასუქების მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ბანაკიდან გასულმა მიგრანტებმა გაძარცვეს.
ამ ბანაკის ამბავი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ მწვავედ დგას მიგრანტების პრობლემა კვიპროსში. ბევრი კვიპროსელი შიშობს, რომ ძირითადად მუსლიმი მიგრანტების ჩამოსვლა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით კი არ ქმნის პრობლემებს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს იმ ქვეყნის თვითმყოფადობას, დემოგრაფიასა და არსებობასაც კი, რომლის ჩრდილოეთი ნაწილიც 1974 წლის შემდეგ თურქეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული. ამ შიშზე ცენტრის მახლობლად მდებარე სოფელში ღიად საუბრობენ. სოფლის ადგილობრივ საბჭოში ამბობენ, რომ კვიპროსი უბრალოდ ვეღარ უმკლავდება თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტ ნაკადს, რომელიც მოედინება ზღვით ან ოკუპირებული ჩრდილოეთის ტერიტორიიდან.
“კვიპროსის მოსახლეობა სულ 800 ათასს შეადგენს. თუ აქ 250 ათასი უცხოელი ჩამოვა, გამოდის, რომ მოსახლეობის 25-30 პროცენტი უცხოელია,“ – განმარტავს კრისტაკის მელეტიესი, კოკინოტრიმითიის ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე.
„თუ მათ ვერსად გავუშვებთ ევროკავშირის პოლიტიკის გამო, ეს ნიშნავს, რომ 10 წელიწადში, მას შემდეგ, რაც ისინი აქ ცოლ-შვილს ჩამოიყვანენ, მათი რიცხვი მილიონს გადააჭარბებს. ჩვენ ლიბანად გადავიქცევით. ჩვენ კი გვინდა ვიყოთ ბერძენი კვიპროსელები აქ, კვიპროსზე“.
ეს არის ადგილი, სადაც თავშესაფრის იმ მაძიებლებს აგზავნიან, რომელთა თხოვნასაც საფუძვლიანად მიიჩნევენ. ამჟამად დაახლოებით 800 რეზიდენტს აქვს ბინა, საკვები, იღებს განათლებას, სამედიცინო მომსახურებასა და ჯიბის ფულს, ასევე დღისით თავისუფლად შეუძლიათ გარეთ გასვლა. თუმცა, საბოლოო ჯამში, თავშესაფარზე შესული მოთხოვნის 96 პროცენტს უარით გაისტუმრებენ.
თავშესაფრის მაძიებელი ქალი გვინეიდან:
“ჩვენ გავედით ინტერვიუზე და უარი გვითხრეს, არ მოგვცეს დოკუმენტები. ტრიბუნალზე გაგვიყვანეს, მაგრამ იქ არაფერი გვითხრეს. უკვე ოთხი თვე გავიდა. რამდენჯერაც მივაკითხავთ, არაფერს გვეუბნებიან, მხოლოდ ახალ შეხვედრას გვინიშნავენ“.
ახლახან, სირიელების მასობრივი შემოსვლის შემდეგ, ბანაკი გააფართოვეს. მთავრობაში 14 თვით შეაჩერეს თავშესაფრის სირიელი მაძიებლებისგან შესული განცხადებების განხილვა.
“2024 წლის სირია აღარ არის ისეთი, როგორიც იყო 2012, 2013 და 2014 წლებში,“- ამბობს ანდრეას გეროგიადისი, კვიპროსის რესპუბლიკის თავშესაფრის მაძიებელთა მომსახურების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. „იქ უამრავი უსაფრთხო ადგილია. ჩვენ გვინდა, გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ კვიპროსი ვეღარ მიიღებს ათასობით სირიელს. მნიშვნელობა არ აქვს, რა წნეხი იქნება ჩვენზე, არ შევცვლით ჩვენს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია იქით, რომ დავრჩეთ, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარულ სპექტრში. ყველა, ვინც იმსახურებს აღიარებას, მიიღებს კიდეც“.
სანამ ლტოლვილის სტატუსს ელოდებიან ბანაკის გარეთ, თავშესაფრის მაძიებლები ყოველთვიურ შემწეობას იღებენ და ინტეგრაციის შესაძლებლობასაც აძლევენ. თუმცა ლტოლვილთა ნაკადმა რომ არ იმატოს, მთავრობა თავშესაფრის მაძიებლებს ჩამოსვლიდან 9 თვის განმავლობაში დასაქმებას უკრძალავს. ლეგალური დასაქმებისა და ახლობლების გარეშე დარჩენილთაგან ბევრი საქველმოქმედო ცენტრების იმედადაა, სადაც იღებენ ტანსაცმელსა და სასკოლო ინვენტარს.
ასეთი ცენტრები აუცილებელი საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებითა და საკვებითაც ამარაგებენ. თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვევითაა, ამბობენ აქაური ცენტრების მენეჯერები.
„ყველას ჰგონია, რომ რაკი მიგრანტების უმეტესობას აქვს მობილური ტელეფონი და სმარტფონი, მათ ყველაფერი იციან, რადგან უამრავ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა,“ – განმარტავს ელისაბედ ვ. კასინი, ორგანიზაცია Caritas Cyprus-ის აღმასრულებელი მენეჯერი.
„არადა, არ იციან, რადგან კონტრაბანდისტები ან სხვა ხალხი, რომელიც გზად ხვდებათ, ცრუ ინფორმაციას აწვდიან. მათ შორის ეუბნებიან ასეთ რამეს, რომ თუკი კვირპოსში ან ევროკავშირში გააჩენ ბავშვს, ის ავტომატურად იღებს რეზიდენტის ან მოქალაქის სტატუსს. რაც ტყუილია. ამის გამო, სამწუხაროდ, უამრავი ქალი, სიმართლე უნდა ითქვას, ძალადობის მსხვერპლი ხდება, მათ შორის სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების მსხვერპლი ამ ისედაც რთულ გზაზე“.
კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო პოზიცია უკავია. ეკლესია თვლის, რომ თურქეთი ასე ცდილობს ქვეყნის დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. არქიეპისკოპოსი გეორგიოსი, ამ ეკლესიის მეთაური, ჩემთან საუბარს დასთანხმდა. არქიეპისკოპოსმა, პირველ რიგში, ის მითხრა, რომ ეკლესია – მის სიტყვებს ვციტირებ – „ძმური სიყვარულით იღებს გასაჭირში მყოფთ“. თუმცა, მისი აზრით, თურქეთთან დიპლომატიური უთანხმოების გამო კვიპროსის პრობლემას სხვა რაკურსი აქვს.
“თავშესაფრის მაძიებლები ნამდვილად აყენებენ ზიანს ჩვენს საზოგადოებას,“ – ამბობს არქიეპისკოპოსი გეორგიოსი, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. „ისინი აქაურ მორალს ცვლიან; ამ ხალხს სულ სხვა ზნე-ჩვეულება აქვს. მათ შეაქვთ ცვლილება ჩვენს სკოლებში, რადგან იქ სულ სხვა მოსაზრებით შედიან, ცოდნის სხვა დონე აქვთ. თანაც მათი უმეტესობა სხვა რელიგიას აღიარებს. ესეც ვნებს ჩვენს საზოგადოებას. ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ისედაც გვაქვს პრობლემები და აღარ გვინდა, კიდევ ტვირთად უცხოელთა ასეთი დიდი რაოდენობის ჩამოსვლაც დაგვაწვეს“.
ეკლესიისა და უკიდურესი მემარჯვენეების მხრიდან არსებული წნეხის, ასევე სულ უფრო მზარდი სოციალური უკმაყოფილების გამო მთავრობა ცდილობს, ლტოლვილები საკუთარი ნებით შინ დაბრუნებაზე დაითანხმოს.
ყოველ თვეში დაახლოებით თავშესაფრის ათასი მაძიებელი თანხმდება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. ევროკავშირში კვიპროსი რიგით მეოთხე ქვეყანაა იმ ლტოლვილების რაოდენობის მხრივ, რომლებიც საკუთარი ნებით ბრუნდებიან შინ, მიხსნის შინაგან საქმეთა მინისტრი. მას ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება სურს, იმის მიუხედავად, რომ კვიპროსი მუშახელის ნაკლებობას განიცდის გარკვეულ სექტორებში, მაგალითად, ტურიზმში.
“მუშახელის პრობლემა ლეგალური მიგრაციის გზით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამას ვუწევთ ადვოკატირებას ევროპაში,“ – განმარტავს კონსტანტინოს იოანუ, კვიპროსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
„ახლა თვით ევროპაც უჭერს მხარს ე.წ. „ლეგალურ გზებს.“ ამიტომ ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უნდა ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას, რადგან, ჩვენი აზრით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ – საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით – თუ ვინ გადაკვეთს მათ საზღვარს და არა კონტრაბანდისტებმა და ტრეფიკინგში ჩართულმა პირებმა“.
და მაინც, წარმატებული ინტეგრაციის მაგალითებიც არსებობს. საკუთარ სამშობლო კამერუნში ნაწამებმა ქალმა კვიპროსში ლტოლვილის სტატუსი 2022 წელს მიიღო. ჟიუსტინმა ახლახან შეიძინა სამკერვალო ადგილობრივი მკერავისგან, რომელიც პენსიაზე გადის. ჟიუსტინს სურს, რომ სამკერვალო წამების მსხვერპლი ქალების თავშეყრის ადგილად აქციოს.
“ჩემი ოცნება მხოლოდ ლუკმაპურის შოვნა არ არის. მე მსურს ქალები გავამხნეო, მათი ცხოვრება შევცვალო. ბედნიერი ვიქნები, თუ მომავალში ვინმე იტყვის, რომ მოდის დიზაინერი ამ ადგილის წყალობით გავხდიო. ეს იქნება ჩემთვის…ბედნიერება“, – ამბობს ჟიუსტინი.
ავტორი: ხულიან გომესი