„მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასდროს ვყოფილვარ” – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკაზე საუბრის დროს. მან თქვა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში საქართველოს მეგობრები და პარტნიორები იყვნენ, ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარი მიზეზების გამო საშიშ ქვეყნებად იქცნენ… საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ პეტერ ფიშერმა ევროკავშირი გლობალური მშვიდობის პარტიად მოიხსენია და თქვა, რომ საქართველომ არ უნდა გაუშვას ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა ხელიდან.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ, თქვენ იცით ეს პროცესი. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ევროკავშირის სტანდარტებს და თუ ქვეყანა მათ ვერ აკმაყოფილებს, მაშინ გაწევრიანებას ვერ შეძლებს… ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, ევროინტეგრაციის კურსს უნდა დაუბრუნდეთ…
ევროკავშირი არის ჩვენი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სივრცე, ამ სივრცეში საქართველოს გაწევრებისთვის ფანჯარა გაიღო, მაგრამ შეიძლება ფანჯარა ისევ დაიხუროს… ფანჯრები მუდამ ღია ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკა კი იცვლება…
თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება… პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი, აშშ-ც კი საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად ფანტასტიკური პარტნიორობიდან როგორღაც ძალიან გასაკვირად ახლა ვართ საშიშები. ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ კვებავს პარტნიორობას“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში.
კონფერენციაზე არასამთავრობო სექტორთან, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდნენ ევროკავშირის გაწევრების გზაზე არსებულ გამოწვევებზე… თუმცა „ქართული ოცნებიდან“ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას არავინ დასწრებია…
საერთაშორისო კონფერენცია თბილისში დღეს, 10 ივლისს, დასრულდება. გუშინ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია და 30 მილიონი ევრო, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დახმარებოდა, გაყინული.