მთავარიმსოფლიოდიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციურმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიგო

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციურმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიგო

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ეგზიტპოლების მიხედვით, მთავარმა ოპოზიციურმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ თემთა პალატაში 410 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი გახდება.

„დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის, საოცრებაა. ჩვენ ეს შევძელით. ეს შედეგი რომ მიგვეღო, ამიტომ დაიწყეთ კამპანია, იბრძოლეთ, მიეცით ხმა. ახლა ეს მომენტიც დადგა. ცვლილებები ახლა იწყება. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან კარგი შეგრძნებაა. პარტიის რეფორმაზე ოთხწელ-ნახევარი ვიმუშავეთ. სწორედ ამისთვის შეიცვალა „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც ახლა მზადაა სახელმწიფოს ემსახუროს. მზად არის, ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში დააბრუნოს,” – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კირ სტარმერმა.

კონსერვატიულმა პარტიამ, რომელიც გასული 14 წლის განმავლობაში მთავრობაში იყო, მხოლოდ 131 მანდატი მოიპოვა. ეს ადგილების ყველაზე მცირე რაოდენობაა, რაც კი კონსერვატიულ პარტიას ოდესმე მიუღია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კონსერვატიული პარტიის ლიდერიცაა, არჩევნებში დამარცხება აღიარა და კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მეუღლესთან ერთად საარჩევნო უბანზე, 4 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Scott Heppell

„ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. მე კირ სტარმერს დავურეკე და მივულოცე. დღეს ძალაუფლება მშვიდობიანად და თანმიმდევრულად შეიცვლება. ეს კი მოგვცემს ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლის რწმენას. დღეს ბრიტანელმა ხალხმა მნიშვნელოვანი განაჩენი გამოიტანა. ბევრი რამაა სასწავლი და დასაფიქრებელი. წაგებაზე კი პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ბევრ, კარგ, შრომისმოყვარე კონსერვატიულ კანდიდატს, რომლებიც, დაუღალავი ძალისხმევისა და თავდადების მიუხედავად, ამაღამ დამარცხდნენ, ბოდიშს ვუხდი. ახლა ლონდონში წავალ. სანამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, რომელსაც ყველაფერი შევწირე, კიდევ გეტყვით უფრო მეტს დღევანდელი საღამოს შედეგებზე”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

„ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ედ დეივი არჩევნების შედეგებს აღნიშნავს Copyright James Manning/PA via AP

არჩევნებში მესამე ადგილი „ლიბერალ-დემოკრატებმა“ დაიკავეს. 650-ადგილიან თემთა პალატაში მათ 61 მანდატი მოიპოვეს. პარლამენტში ასევე შედის ნაიჯელ ფარაჟის მემარჯვენე პოპულისტური რეფორმების პარტია. მნიშვნელოვნად შემცირდება შოტლანდიელი ნაციონალისტების წარმომადგენლობა – მათ მხოლოდ 10 ადგილი ერგოთ, უელსელმა ნაციონალისტებმა 4 მანდატი მოიპოვეს, „მწვანეთა პარტიამ” კი – 2 მანდატი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend