„თქვენ ზუსტად იქ ხართ, შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას”, – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს მიმართავს. პრეზიდენტი საკუთარ მიმართვაში ამბობს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არაჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა ელჩებისთვის არჩევანის დრო უკვე დადგა.
პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ბერლინში შეკრებილი ელჩები შუაგულ ევროპაში ისმენენ ტყუილებს იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ევროპული გზა გრძელდება და ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
„მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და აქვთ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულსა და მის მომავალს, და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს: „ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა. და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა – ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა.
ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. და ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.