ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირმა, როგორც იქნა, მიიღო კანონი ეკოსისტემის აღდგენის შესახებ.
ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრებმა შეძლეს კონსენსუსის მიღწევა. კანონი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ევროკავშირის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიების მინიმუმ 20%-ის აღდგენას. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი საბიენ ლიმანსი ამბობს, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რომელიც დაადგენს იურიდიულად სავალდებულო მიზნებს წევრი ქვეყნებისთვის, რათა დაიწყონ დაზიანებული ტყეებისა და მტკნარი წყლის ეკოსისტემების აღდგენა, იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს ბუნება ქალაქებში და შეწყდეს დაბინძურება.
🚨 BREAKING: We have the EU Nature Restoration Law!
Member States have just adopted the game-changing law for Europe's degraded ecosystems
It's a huge win for the EU's nature, citizens & the economy and the people behind the #RestoreNature campaign!
Thank you all 💚 pic.twitter.com/MmZPOQXzWW
— WWF EU (@WWFEU) June 17, 2024
თუმცა ამ კანონის მიღებამ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. ახლა მთელი ყურადღება ვენაზეა გადატანილი. ეს კანონი ავსტრიის ეკოლოგიის მინისტრმა დაამტკიცა, რამაც შესაძლებელი გახადა კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება. ეს კი ეწინააღმდეგება ავსტრიის კანცლერის პოზიციას. მთავრობის ცენტრისტულმა მემარჯვენე ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კანონის მხარდაჭერისგან თავის შეკავებას აპირებდა, თუმცა საბოლოო ჯამში მინისტრი მას არ დაეთანხმა და მაინც მიიღო კანონი.
ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის ლეონორ გევესლერის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება ავსტრიაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ სწორედ ახლა იყო ამ კანონის მიღების დრო.
კენჭისყრის შემდეგ დასრულდა ის ხანგრძლივი პოლიტიკური უთანხმოება, რომელსაც სათავეში ძირითადად „ევროპის სახალხო პარტია“ ეგდა. კანონის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი კიდევ უფრო წინ წავა.
ტერეზა რიბერა როდრიგესი, მინისტრი ესპანეთის ეკოლოგიისა და დემოგრაფიული გამოწვევების საკითხებში, ამბობს, რომ ეს არის კანონი, რომელიც ქვეყნებს მოუწოდებს დიალოგისკენ, რათა აღდგეს ეკოსისტემა, რომელიც დაკავშირებულია ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობასთან. ის ასევე პირდაპირ არის დამოკიდებული ბუნების კონსერვაციასა და იმაზე, რომ განაგრძოს განვითარება.
გრძელვადიან პერსპექტივაში კანონი მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ყველა საჭირო ეკოსისტემის აღდგენას. წევრმა ქვეყნებმა ახლა ევროკომისიაში უნდა წარადგინონ თავიანთი გეგმები ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

