მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძირითადად ეკონომიკური ზრდისა და სექტემბრიდან სკოლის მასწავლებელთა ხელფასის 500 ლარამდე ზრდის საკითხებზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, 2024 წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლით ქვეყანაში 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რის გამოც, ბიუჯეტის 300 მილიონი ლარით ზრდა იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. სამომავლოდ შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში შევა და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა ასევე რეგიონული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად ზრდის დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო სკოლაში დასაქმებული 52 ათას მასწავლებლიდან 37 ათასს შრომის ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარი გაეზრდება, ხოლო ყველა მასწავლებელს, სულ მცირე 250 ლარით.
“სულ არის 52 ათასი მასწავლებელი საჯარო სკოლებში, აქედან 37 ათას მასწავლებელს, რაც არის მთლიანად მასწავლებელთა კონტინგენტის 70%, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას გაეზრდება 800 ლარით და მეტით, შრომის ანაზღაურება. დაახლოებით 25%-ს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით, ყველა პედაგოგს გაეზრდება სულ მცირე 250 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის დაწყებაზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა.
„ხვალ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ველოდით და კიდევ უფრო მძაფრად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. პირველად, ისტორიაში, ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს დროშა აღიმართება, საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ემოციაა თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის, თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც ბუნებრივია, გაუადვილა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. რა თქმა უნდა, ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მათ გამარჯვებები მინდა ვუსურვო. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ჟინით აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, – განაცხადა კობახიძემ.