მთავარიმსოფლიოG7-ის ლიდერების გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა

G7-ის ლიდერების გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა.

მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების შვიდეულის ლიდერებმა ამის შესახებ საიუბილეო, 50-ე სამიტზე განაცხადეს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, დამტკიცებულ თანხას უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს. ეს შეთანხმება კიევის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ნიშნავს. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ,,დიდი შვიდეულის“ ლიდერებს.

,,ჩვენთვის მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქალაქებისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა იქნება. ტერმინი „პატრიოტი“ ახლა პრაქტიკულად უკრაინული სიტყვაა. ქვეყანას ასევე ექნება მეტი აღჭურვილობა და სხვა საჭირო მარაგი ფრონტისთვის. მიღებულია გადაწყვეტილებები რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. G7-მა 50 მილიარდი დოლარის დამტკიცებით მნიშვნელოვანი  ნაბიჯი გადადგა”, – განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე პრიორიტეტული საკითხი უკრაინის უსაფრთხოება იყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის პირველ დღეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელი მოაწერა ორ ახალ შეთანხმებას. უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი უსაფრთხოების ათწლიანი შეთანხმება გააფორმეს.

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები – საავტორო უფლება AP

„რაც შეეხება გეგმას, ის დამუშავების პროცესშია. ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან ერთად განვიხილავთ ამ გეგმას, გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს,  ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, როდესაც მას მიეცემა თავდაცვის ყველანაირი შესაძლებლობა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში უკრაინამ და იაპონიამაც მოაწერეს ხელი უსაფრთხოების შესახებ ათწლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვით, 2024 წელს იაპონია უკრაინას 4,5 მილიარდ დოლარს გადასცემს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ მსგავს შეთანხმებას 15 ქვეყანასთან მოაწერა ხელი, მათ შორის ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც თავდაცვისა და ჰუმანიტარულ სფეროში დახმარებას, ისე ფინანსურ თანამშრომლობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend