ევროპარლამენტის არჩევნების წინ ვარშავაში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა.
პრემიერმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთის საზღვართან მზარდი დაძაბულობის ფონზე ამ არჩევნებს პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა გაერთიანებულ ევროპაზე გადის.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მხარდამჭერებისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ კრემლისთვის ბრიუსელის პოლიტიკური დაპყრობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე ხარკივისა. დონალდ ტუსკის თქმით, ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ ვინ იქნება პოლონეთის და ასევე ევროპის სათავეში. ეს არის ასევე ბრძოლა ევროპისა და პოლონეთის საზღვრებში ომის თავიდან ასაცილებლად.
აქციის მონაწილენი პოლონეთის დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებსაც აფრიალებდნენ. ისინი ღელავენ არჩევნების შედეგების გამო. მათ სურთ, ევროპასთან ერთად იყვნენ. სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენიათ.
გასულ თვეს დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ორი მილიარდ ორასი მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავს რუსეთთან და ბელარუსთან არსებული საზღვრის გაძლიერების მიზნით. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს პასუხისმგებლობა აკისრია, უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოება.
ევროპარლამენტის არჩევნები პოლონეთში 9 ივნისს გაიმართება.