არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციის დროს დაზარალებულთა უფლებებს იცავენ, აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების მუხტის შესუსტებისა და აქტივისტების დასჯის მიზნით, ხელისუფლება განაგრძობს არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავების, არაადამიანური მოპყრობისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკას.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შევიდა არაერთი ზარი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 189 პირის შესახებ.
სამოქალაქო სექტორის ნაწილი ასევე ვარაუდობს, რომ 7 პირი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით არის დაკავებული. იმავე წყაროს ცნობით, დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებს დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.
,,რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს. საპროტესტო აქციების მუხტის შესუსტების მიზნით არის ის პრაქტიკა, რასაც ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში აჩვენებს. ის განაგრძობს არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავების, არაადამიანური მოპყრობისა და სისხლის სამართლის დევნის პრაქტიკას.
ჩვენ საერთო ცხელ ხაზზე, რომელიც ერთობლივად ავამოქმედეთ, 1 თვის განმავლობაში 190-ამდე ადამიანის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, რომლებიც დააკავეს აქციების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანების სიმძიმე ატარებს წამების ნიშნებს.
ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინ ვმართავთ ამ პრესკონფერენციას, რომ კიდევ ერთხელ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდოთ, ეფექტურად და სწრაფად დაიწყოს გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა დროულად დადგეს. ასევე ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რომ მან სწორი კვალიფიკაციით ამოიცნოს ის პირები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობდნენ. ამ პირების შესახებ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტონ, დევნის დაწყების თაობაზე.
მოვუწოდებთ ყველას, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ და დროულად გამოიძიონ ის დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. არა რუსულ კანონს!”-ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.