რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში პუტინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. მოლაპარაკებებისას მხარეებმა პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საუბრის თემას ასევე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხი წარმოადგენდა. სი ძინპინის განცხადებით ჩინეთი იმედოვნებს, რომ ევროპა მალე დაუბრუნდება მშვიდობასა და სტაბილურობას და რომ ამაში ჩინეთი კონსტრუქციულ როლს ითამაშებს.
„მიმდინარე წელს აღინიშნება ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილე. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ეტალონს, რომელიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობით და ორმხრივი სარგებლით. ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთისთვის კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავამყაროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ერთობლივად დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა,“- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.
ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს ჩინეთის ინიციატივებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის.
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი პუტინი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. მოლაპარაკებებისას კი მხარეები პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად განიხილავენ.https://t.co/xNNBwZ38Sf
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) May 16, 2024
„რუსეთსა და ჩინეთს ჭეშმარიტად აერთიანებს ეროვნული განვითარების საერთო მიზნები და ერთობლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ურთიერთპატივისცემის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთსარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით. უკვე ითქვა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა და მისი შედეგებისა, მიუხედავად გარკვეული ქმედებებისა, რომლებიც მიმართულია ჩვენი განვითარების შეკავებისკენ, მესამე ქვეყნების მხრიდან გარკვეული ქმედებებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა კარგი ტემპით იზრდება. სხვადასხვა სფეროებში ჩამოყალიბდა 80 მსხვილი ერთობლივი საინვესტიციო პროექტის მნიშვნელოვანი პორტფელი. ჩვენმა ერთობლივმა და დროულმა გადაწყვეტილებამ ვუზრუნველვყოთ ორმხრივი გადახდები ეროვნულ ვალუტაში, მძლავრი ბიძგი მისცა სავაჭრო ნაკადების გაფართოებას. დღეს, გადახდების 90% რუბლებში და იუანში მიმდინარეობს”,- განაცხადა პუტინმა.