მთავარიევროპასერბეთისერბეთიდან შესაძლოა გააძევონ პუტინის მოწინააღმდეგეები

სერბეთიდან შესაძლოა გააძევონ პუტინის მოწინააღმდეგეები

კოპოსოვების ოჯახი 2019 წელს სანქტ-პეტერბურგიდან ბელგრადის მახლობლად, ქალაქ სოპოტში, გადავიდა საცხოვრებლად. ხუთი წელია აქ ცხოვრობენ და ახლა ორი შვილის დედას, ელენას სერბეთიდან გაძევებით ემუქრებიან… უთხრეს, რომ ის საფრთხეს უქმნის სერბეთის უსაფრთხოებას. პოლიცია ვერ ხსნის, რატომ წარმოადგენს ელენა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს, თუმცა ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პეტიციაზე ელენას ხელმოწერაა. ელენა კოპოსოვმა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივარი დროებით დაკმაყოფილდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენას სერბეთში ცხოვრება დროებით გაუხანგრძლივდა.

„რაც შეეხება ჩემთვის რეზიდენტის სტატუსის მონიჭებას, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ისევ განიხილავენ. ჩემმა მეუღლემ და შვილებმა მუდმივი საცხოვრებელი მიიღეს სერბეთში და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. თუმცა არ ვიცი მე, რა მჭირს, მე რატომ არ მაძლევენ. ეს ჩვენი ერთადერთი სახლია, რომელიც გვაქვს და რუსეთში დაბრუნებას არცერთ შემთხვევაში არ განვიხილავთ”, – ამბობს ელენა კოპოსოვა, სერბეთში მცხოვრები დევნილი რუსეთიდან.

საფრთხე, რომელიც კოპოსოვების ოჯახისთვის დროებით შეჩერებულია, რუსეთიდან დევნილ სხვა პირებს ახლაც ემუქრება. რუსული მედიის, “რაშა თუდეის” ინფორმაციით, სერბეთში უსაფრთხოების სამსახურები რუსი დევნილების გაძევებას გეგმავენ და მიზეზად რუსეთის ოპოზიციასთან მათ კავშირს ასახელებენ. რუსეთის დემოკრატიულმა საზოგადოებამ, რომლის წევრებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის ომსა და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, “ევრონიუს სერბეთს” განუცხადეს, რომ ისინი თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ.

„ჩვენი გზავნილი სერბეთისა და მთელი მსოფლიოსთვის არის ის, რომ პუტინი არ არის რუსეთი. პუტინი არ წარმოადგენს რუს ხალხს. პუტინმა უკანონოდ ჩაიგდო ხელში მართვის სადავეები. ის, რაც უკრაინის წინააღმდეგ ხდება, რუს ხალხს არ უნდა. მოსკოვი აშკარად ითხოვს სერბეთის ხელისუფლებისგან, რომ დააშინონ რუსული დიასპორა სერბეთში. აქ გამოქცეული ადამიანები კი ძირითადად მხარს რუსეთის ოპოზიციას უჭერენ, – ამბობს პიტერ ნიკიტინი, რუსული ოპოზიციური პარტიის წევრი სერბეთში.

„უცხოელების შესახებ“ კანონის თანახმად, პირი, რომელიც საფრთხეს უქმნის სერბეთის კონსტიტუციურ წესრიგსა და უსაფრთხოებას, უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი ქვეყნიდან გაძევება შესაძლებელია. სწორედ ამ კანონს იყენებენ რუსი ოპოზიციურად განწყობილი პირების შემთხვევაში. იურისტების თქმით, აქ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უსაფრთხოების სამსახურები არ ხსნიან მიზეზს, თუ რატომ წარმოადგენენ კონკრეტული პირები სერბეთისთვის საფრთხეს.

„უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან საფრთხის ახსნა-განმარტება არ ხდება. არ არის დასაბუთებული ის, თუ რატომ წარმოადგენს ესა თუ ის ადამიანი სერბეთისთვის საფრთხეს. ამ დეტალებს არც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და არც მათ კანონიერ წარმომადგენლებს არ გვიხსნიან. ამბობენ, რომ ეს საიდუმლოა. ამ ყველაფერმა ტენდენციის სახე მიიღო”, – ამბობს მარკო შტამბუკი, ბელგრადის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი.

“ევრონიუს სერბეთის” შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სერბეთი, რუსეთის მოქალაქეების გაძევებას და რატომ წარმოადგენენ ისინი საფრთხეს ქვეყნისთვის, არც უსაფრთხოების სააგენტოსა და არც პოლიციას არ გაუცია პასუხი. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დევნილის მიმართ გამოიყენებენ ამ კანონს და რამდენს გააძევებენ ქვეყნიდან.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend