მთავარიეკოლოგიაროგორ ჰაერს ვსუნთქავთ

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ? – ამ კითხვას თბილისის ქუჩებში თითქმის არავინ გაურბის. არავინ ამბობს, რომ ეჩქარება და არ სცალია ამ თემაზე სალაპარაკოდ – ყველას ადარდებს ეს ამბავი. ძირითადად პრობლემებზე ჰყვებიან. იმაზე, რომ დედაქალაქში ზოგჯერ ძალიან ჭირს სუნთქვა… რომ ბევრი ამის გამო ავადდება და რომ ზოგჯერ გამოსავალიც არ ჩანს…

თინათინ მაღედანმა გამოსავლის ძებნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც მის ქალაქში, რუსთავში, უკვე გაუსაძლისი გახდა ჰაერში გაფრქვეული უამრავი დამაბინძურებლის ღრუბელი ქალაქის თავზე. აირწინაღის ძეგლიც სიმბოლურად ამიტომ გადაჰყურებს რუსთავს. იმის ნიშნად, რომ აქ სუნთქვა ყოველთვის უსაფრთხო არ არის…

„ალერგიის დაწყება ჩემთვის უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც რუსთავში საწარმოებმა ხელახლა დაიწყეს გააქტიურება და მუშაობა. ახლა ჩვენ ქარი დაგვემთხვა და უკან საწარმოო ზონასთან ვერ ხედავთ იმ უზარმაზარ ღრუბელს, რომელიც აქ არის ხოლმე. ქარი ხშირად ჩვენი მეგობარია, როდესაც საწარმოების მხარეს ქრის. ამ დროს ქალაქში არ მოდის ხოლმე ეს დაბინძურება ისე მძაფრად. მაგრამ როდესაც ქარი არ არის, ან პირიქით, ჩვენი მიმართულებით ქრის, ეს დაბინძურება მოდის ხოლმე პირდაპირ ჩვენს ფანჯრებთან. ავეჯზე დადებული მტვრითაც კი მიხვდები, თუ ფანჯარა ღია გქონდა დღის განმავლობაში, როგორი იყო დაბინძურება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი უფრო ძვირი დაგვიჯდება. თუ არ გვადარდებს ადამიანების ჯანმრთელობა და ის ტანჯვა, რომელსაც ისინი იღებენ ამ დაავადებებთან ბრძოლისას, მაშინ შეგვიძლია, რომ ეს ყველაფერი ფინანსურ ნაწილში გადავიყვანოთ  – ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2016 წელს, იმ დაავადებებზე, რომელთაც იწვევს ჰაერის დაბინძურება, დაიხარჯა 120 მილიონი ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ამას თუ დავამატებთ იმ დანახარჯს, რასაც ყოველდღიურად ვიხდით ჩვენი ჯიბიდან, სხვადასხვა დაავადების მკურნალობაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად გვიღირს ჩვენ ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და ამ ყველაფრის რეაგირების გარეშე დატოვება. გამოსავალი არ არის არც აირწინაღი და არც პირბადე. გამოსავალი არის სისტემურ დონეზე ამ პრობლემის მოგვარება“, – ამბობს თინათინ მაღედანი, აქტივისტი და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ხელმძღვანელი.

რუსთავში საწარმოო ზონაა და ეს შორიდანაც მარტივი შესამჩნევია. აქ ობიექტები წლების განმავლობაში მუშაობდნენ იმ აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე, რომელსაც ატმოსფერული ჰაერი უნდა დაეცვა მავნე ნივთიერებების გაფრქვევისგან. 2018 წელს ამ ქალაქში მძლავრი სამოქალაქო მოძრაობა დაიწყო – მათ მთელ ქვეყანასა და ხელისუფლებას უთხრეს, „გავიგუდეთ“. ეს იყო ამ მოძრაობისა და ერთგვარი პროტესტის მთავარი გზავნილი. შემდეგ  სპეციალური კანონი შეიქმნა და საწარმოებისთვის სანქციებიც ამოქმედდა. ქალაქში ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების შედეგები აჩვენებს, რომ ამ ნაბიჯებმა  ვითარება შედარებით გააუმჯობესა, თუმცა არსად გამქრალა აქაურების შიში, რომ ისინი კვლავ არიან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების რისკ ჯგუფში.

 „ბოლო მონაცემებით, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი 700 000 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებით. იმ დაავადებების ნუსხაში, რომლებიც ასოცირებულია ჰაერის დაბინძურებასთან, უნდა აღინიშნოს გულის იშემიური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის სიმსივნეები, ასთმა… არ უნდა დაგვავიწყდეს შენობის შიდა დაბინძურებაც, სადაც წამყვანი როლი აქვს თამბაქოს მოხმარებას. ასევე მნიშვნელობა აქვს, რას მოვიხმართ გათბობისა და საკვების მოხმარებისთვის. გარდა ჯანმრთელობასთან ასოცირებული მონაცემებისა, მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები. დღეს საქართველოში ყველა ქალაქში ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 24-საათიან რეჟიმში ხორციელდებოდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეთ მტკიცებულებები და უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ეს არის ყველზე სწორად დაგეგმილი პოლიტიკა“, – ეუბნება ევრონიუს ჯორჯიას  გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტი და მკვლევარი თამარ ქაშიბაძე.

იმისთვის, რომ ეს ე.წ. მტკიცებულებები შეგროვდეს და შემდგომ შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმოს, საჭიროა მონიტორინგის ანუ ჰაერის ხარისხზე დაკვირვების თანამედროვე სისტემები. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს უკვე აქვს ავტომატური გაზომვის სტაციონარული და მობილური სადგურები. ასევე სპეციალური მოწყობილობები ინდიკატორული გაზომვებისთვის. თუმცა ამ სფეროს სპეციალისტების შეფასებით, მათი რაოდენობა ჯერ საკმარისი არ არის, რადგან მონიტორინგის ავტომატური სადგურები ჯერ ისევ არ ფუნქციონირებს, მაგალითად, ჭიათურაში, ზესტაფონში, ბოლნისში, კასპში… იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივებისთვის, იქ არსებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ჰაერში დამაბინძურებლების მაღალი შემცველობა, ყოველგვარი გაზომვების გარეშეც საგრძნობია.

„დღეს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრულ ყველა დამაბინძურებელი ნივთიერების მონიტორინგს ახორციელებს. ესენია: მყარი ნაწილაკები, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები, ოზონი, ნახშირბადის მონიქსიდი, მძიმე მეტალები, ბენზაპირენი და ბენზოლის შემცველობა… ვაკის პარკთან აი მწვანეა, 26-ია მაჩვენებელი, 40-ის ქვემოთ უნდა იყოს. აბაშიძის ქუჩაზე უკვე 40-ს აღემატება და რუსთაველზე ძალიან მაღალი კონცენტრაციაა“, – ამბობს მარინე არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

მარინე არაბიძე  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სპეციალურ პორტალზე გვაჩვენებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების, აზოტის დიოქსიდის, გოგირდის მონოქსიდის, მიწისპირა ოზონის, მძიმე ლითონებისა და სხვა დამაბინძურებლების შემცველობას. როგორც ვებგვერდზე ჩანს, ქუჩების დიდ ნაწილში ეს კონცენტრაციები ზღვრულ ნორმას არ აღემატება. თუმცა ამ დარგის სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ამ ნორმების ზღვრული ნიშნულების სწორად განსაზღვრაა პრობლემა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ არ შეიძლება 10-ზე მეტი იყოს შეწონილი ნაწილაკი ჰაერში და ჩვენი კანონმდებლობა უშვებს 20-ს, ე.ი. ორჯერ მეტს ვუშვებთ. იგივეა მყარ ნაწილაკთან მიმართებაში, ჩვენ უფრო მაღალ სტანდარტს ვუშვებთ, რომ მისაღებია, ვიდრე ეს სინამდვილეშია და ჯანმოს აქვს განსაზღვრული. თავმოყვარე ქვეყანაში წესით უკვე დადგმული უნდა იყოს ყველა მონიტორინგის სადგური და ის რაც გვაქვს, ძირითადი მონიტორინგის სადგურები, არ არის საკმარისი. საჭიროა სხვადასხვა ტიპის, უფრო სპეციალიზებული მონიტორინგის სისტემების განთავსება, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის დაბინძურებაა“, – ამბობს მანანა ქოჩლაძე, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხთა მრჩეველი.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეებისთვის ამ მხრივ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები აქვს. მაგალითად, ქვეყანას ამას ავალდებულებს 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. საქართველოს აქვს კანონი ატმოსფერული ჰაერის მართვის შესახებ, რომელიც 2020 წლიდან ევროკავშირის პრაქტიკის საფუძველზე, ბევრ მნიშვნელოვან ნორმასა და რეგულაციას აერთიანებს. ეს კანონი ითხოვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტისა და ქალაქისთვის შემუშავდეს ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემაა, თუმცა ასეთი გეგმა ჯერ სულ რამდენიმეა და ქვეყნის დიდ ნაწილს ვერ ფარავს.

„ვგეგმავთ საშუალო ზომის საწარმოებისთვის ახალ რეგულაციებს. მაგალითად, როგორიც არის ბეტონის ქარხანა, ასფალტის ქარხანა, საიდანაც შეიძლება ამტვერება მილიდან არ ხდებოდეს და დიფუზიური წყარო იყოს, ანუ მისი მოედნებიდან და/ან ნედლეულიდან ხდებოდეს მყარი ნაწილაკების გაფრქვევა. მათთვის მთელი რიგი ღონისძიებების შემოღებას ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო შემცირდეს მყარი ნაწილაკების გაფრქვევა. დედაქალაქისთვის ვგეგმავთ, რომ შემოვიღოთ მოთხოვნა, ღია წესით არ იყიდებოდეს არც ქვიშა, არც ამტვერებადი მასალები. აბსოლუტურად ყველა უნდა გადავიდეს დახურულ სივრცეში. დღესდღეობით, ყველაზე დიდი პრობლემაა სატრანსპორტო ემისიები. ჩვენი ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა, მოძველებული ავტოპარკი ქვეყანაში. უმნიშვნელოვანესია, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ავტომობილს, არ ამოვიღოთ კატალიზატორი, ჩავასხათ იმ ოქტანობის ბენზინი, რომელიც ჩვენს ძრავს სჭირდება და არა ყველაზე ძვირი ან ყველაზე იაფი“, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი.

და იმისთვის, რომ სატრანსპორტო ემისიები შემცირდეს, ამაზე პასუხისმგებლები არ არიან მხოლოდ მოქალაქეები. ამაზე პასუხისმგებელია მთავრობა, რომელიც ვალდებულია შეიმუშაოს მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტიკა. მაგალითად, შექმნას ისეთი გარემო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების კომფორტული საშუალება. ქუჩებში შესაძლებელი იყოს უსაფრთხო გადაადგილება ეკომეგობრული ტრანსპორტით და მაგალითად, ამისთვის ცენტრალური უბნების გარდა ქალაქების სხვა ნაწილებშიც არსებობდეს შესაბამისი ზოლები და სივრცეები. და როგორც ბევრ სხვა სფეროში, არც გარემოს დაცვის საკითხშია მთავრობა მარტო. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად  ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რის შედეგადაც, მონიტორინგის ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება და სამრეწველო სექტორს საუკეთესო, ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვაში დაეხმარება.

„ტექნიკურად ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. არსებობს ამისთვის უამრავი სახელმძღვანელო, გვაქვს ამისთვის ბევრი გზამკვლევი, თუმცა მთავარია, რა გაკეთდება პრაქტიკაში. მეცნიერები კარგა ხანია შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა არის ტექნიკურად ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები. ჩვენ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, ბევრ ჩართულ მხარესთან ერთად, შევიმუშავეთ დაახლოებით 500 გზა იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად. აუცილებლად უკეთ უნდა გვესმოდეს, თუ რა გავლენა აქვს ჰაერს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამ გზაზე კი ერთ-ერთი მთავარი საფეხურია მონიტორინგის სისტემების არსებობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგროვებული მონაცემები ზუსტი და სანდოა, რომ რისკების შესახებ კომუნიკაცია მხარეებს შორის სწორად და ზუსტად ხდება. კიდევ ერთი საფეხურია, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად შემუშავდეს ახალი შესაძლებლობები ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ უახლესი მონაცემები, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვიღებთ თუ არა სწორ გადაწყვეტილებებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით და შეესაბამება თუ არა ეს საერთაშორისო პრაქტიკას. რამდენად სრულდება ის რეგულაციები, რომლებიც მონაცემების ცვლილებებთან ერთად იქმნება.  ასე რომ, ეს პროექტიც არის მონაცემების უკეთ შესაგროვებლად, უკეთესი დაკვირვებისთვის, მხარეებს შორის უკეთესი კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის. სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და უკეთესი პრაქტიკის დანერგვისთვის. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ამ საქმეში პარტნიორობისთვის. ეს არ კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ კარგი იდეაა, ეს იმისთვის კეთდება, რომ ამას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ამ სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის ვალდებულებაა, რაც ევროკავშირში გაწევრების ერთგვარი წინაპირობაა. ეს კეთდება იმიტომ, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის სტანდარტებსა და დირექტივებთან“, – ეუბნება ევრონიუს ჯორჯიას დაგლას უები, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

 „მოთხოვნა უნდა წავიდეს მოქალაქეების მხრიდან. მოთხოვნა და კონტროლი… და ისევ მოქალაქეებმა უნდა შევძლოთ, რომ ამ ყოველდღიური ჩართულობით, შესაბამისი უწყებების ინფორმირებით, მივიქციოთ ამ თემაზე ყურადღება. ასე დგას საქმე ამ შემთხვევაში, რომ უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, რომ შესაბამისად მოაგვაროს ეს პრობლემა“, – ამბობს თინათინ მაღედანი, სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ხელმძღვანელი, აქტივისტი.

„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში… ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“ – საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend