უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს აკრიტიკებს. ამბობს, რომ ბრიუსელი მოსკოვის წინააღმდეგ საკუთარ ომს აწარმოებს, თუმცა უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ არ იმოქმედებს.
უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ორი ქვეყნის კონფლიქტია და მასში დასავლეთის ჩართულობა მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ უნგრეთში ორგანიზებულია პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.
„ბრიუსელში ომის ატმოსფეროა. აქ ომის ენაზე და ომის ლოგიკით საუბრობენ. თითქოს ომში რუსეთის მოწინააღმდეგეები თავად არიან. ლიდერები არ გვეთანხმებიან, რომ ეს უკრაინისა და რუსეთის ომია და ჩვენ მისი ნაწილი არ ვართ. ომს, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს და რომლის გამოც ასობით ათასი ადამიანი იღუპება, რასაკვირველია, უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ადამიანური ტრაგედიის მიმართ გულგრილობა გამოვიჩინოთ, თუმცა არც რომელიმე მხარეს წარმოვადგენთ. ეს არ არის ფეხბურთის მატჩი, რომელშიც ერთ მხარეს უნდა უგულშემატკივრო. ისინი საკუთარ ომში იბრძვიან, ჩვენ კი სხვა ქვეყანა ვართ განსხვავებული ინტერესებითა და მიდგომით. ბრიუსელს სიმშვიდის შენარჩუნებისთვის აუცილებელი დისტანციის დაცვა აკლია. მათ საკუთარი ომი აქვთ რუსეთთან. ბრიუსელი რუსეთს ებრძვის და ისე საუბრობს, თითქოს რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. ისინი ამის მისაღწევად სულ უფრო მეტს აკეთებენ. ბედავენ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ამისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.