მთავარისაქართველო“ქართული ოცნება” აშშ-ისგან ფულადი დახმარების გამჭვირვალობას ითხოვს

“ქართული ოცნება” აშშ-ისგან ფულადი დახმარების გამჭვირვალობას ითხოვს

“ქართული ოცნება” ამერიკული ფონდებისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ანტიდასავლურ რიტორიკაში სდებს ბრალს.

სად მიდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მრავალმხრივ დასახმარებლად წამოსული ფული? ამერიკული ფონდებისა თუ შესრულებული პროექტების საჯაროობის მიუხედავად, ამ საკითხმა ასე მარტივად და პირდაპირ ქართულ პოლიტიკურ ველზე გადაინაცვლა. ინიციატორი მმართველი პარტიაა. „ქართული ოცნების“ ლიდერებს აინტერესებთ, რატომ, როგორ და რისთვის ფინანსდება სამოქალაქო სექტორი და ამაში სახელმწიფო გადატრიალებისა თუ ე.წ. გარყვნილების პროპაგანდის საშიშროებასაც ხედავენ.

„რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებას, აქ ვდგავართ კვლავ იმ პრობლემის წინაშე, რომ განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დღეს იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებაში. შარშან მარტში სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა გვინდოდა კანონმდებლობით და ვნახეთ, რომ ზუსტად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მალავენ თავის ფინანსებს, ზუსტად იმ დონორების, რომლებიც მალავენ თავის ხარჯებს, მათი ორგანიზებით მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტზე. პირველად საქართველოს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილები“ გვესროლეს. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ეს ფული, რომელზეც ახლა საუბრობენ, საჯარო იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ ფონდებს, რომ გაასაჯაროონ დაფინანსება, ამის უფლება აქვთ როგორც მათ მოქალაქეებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი პარტიისგან ბევრად გამბედავ რიტორიკას იყენებს პარტია „ხალხის ძალა“. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ამერიკისგან საქართველოს ბევრი კარგი ახსოვს, მას თავისი მიზნები აქვს და „ეს მიზნები უფრო მეტად ქვეყნისა და ხელისუფლების შერყევას ემსახურება“.

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ძალიან ხშირად ქვეყანაში გარედაფინანსება სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლებების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაციაა. აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად ქმედით და სარგებლიან დახმარებას წევს, მაგრამ არ არის ის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში საკუთარი ინტერესების მოსაგებად იყენებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკული და ევროპული დაფინანსება ქვეყნის თავდაცვას, უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურას, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და სხვა საკეთილდღეო პროექტებს ხმარდება. მმართველ პარტიას კი ამ საკითხის გააქტიურების გამო ანტიდასავლურ პროპაგანდაში ადანაშაულებენ.

„მოგიძებნიათ რას ხმარდება ამერიკული დაფინანსება საქართველოში? მე მომიძებნია იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა. ამერიკული ფული წლების განმავლობაში იხარჯება სახელმწიფოს განვითარებაზე. მილიარდობით დოლარზეა საუბარი. ამ ფულით ძლიერდება ჯარი, ხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. კიდევ იცით რაზე იხარჯება? ქართული ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია-კონსერვაციაზე. კიდევ უამრავი სასარგებლო პროექტი დაუფინანსებია აშშ-ს საქართველოში. ამაზე რატომ არ ამახვილებს „ქართული ოცნება“ ყურადღებას? იმიტომ, რომ მთელი ეს მათი რიტორიკა სინამდვილეში არის ტყუილსა და მავნებლობაზე დაფუძნებული“,- აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური.

უცნობია, კიდევ რამდენ ხანს დარჩება განსაკუთრებით ამერიკული დაფინანსების საკითხი ღია პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად პოლიტიკასა და მედიაში. წინ საპარლამენტო არჩევნებია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend