ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინაში 2014 წლიდან შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთს „იარაღის ხელში აღებისა და თავდაცვის გარდა“ სხვა ვარიანტი აღარ დარჩა - ასე ახსნა კრემლის ლიდერმა კიევის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის, ან როგორც მას თავად უწოდებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების მიზეზი.
პუტინის თქმით, მოსკოვს ამ ნაბიჯის გადადგმა არ სურდა და ეს იყო იძულებითი ქმედება, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებდა აღკვეთას.
მისივე მტკიცებით, სამხედრო მოქმედებები არათუ რუსულ მხარეს არ დაუწყია, არამედ პირიქით - ეს ნაბიჯი მის წინააღმდეგ გადაიდგა. როგორც პუტინი ამბობს, „ეს არის ერთადერთი სიმართლე“, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიგოს. საზოგადოებამ მისგან მორიგ ჯერზე მოისმინა კრემლის ნარატივი გავრცელებულ „რუსოფობიასა“ და ეთნიკურად რუსი მოსახლეობის „უფლებების შეზღუდვაზე“:
„რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ექსპერტთა საზოგადოების ნაწილს გაუჩნდება კითხვა: რუსეთი მშვიდობაზე საუბრობს, თავად კი ომი დაიწყო. ამ საკითხზე აზრი არაერთხელ გამომითქვამს, თუმცა, მოდით, კიდევ ერთხელაც ვიტყვი.
სად არის სიმართლე? სიმართლე ის არის, რომ ომი ჩვენ არ გვინდოდა და არც ჩვენ დაგვიწყია - ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი. წლების განმავლობაში არ უნდა წაეხალისებინათ უკრაინაში აგრესიული ნაციონალიზმი და რუსოფობია, რათა ის რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტად ექციათ. NATO-ს არ უნდა დაეწყო ჩვენი ისტორიული ტერიტორიების სამხედრო ათვისება საკუთარი ინტერესებისთვის და იქ საკუთარი ბაზების განთავსება არ უნდა დაეგეგმა.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი შეგნებულად მიიყვანეს ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც, ამ აშკარა აგრესიის საპასუხოდ, მას უბრალოდ აიძულებდნენ, თავი იარაღით დაეცვა. შეგნებულად მიგვიყვანეს ამ ზღვრამდე. და საერთოდ, არ უნდა ექციათ რუსოფობია, რუსების შევიწროება და მკვლელობები, რუსეთის განადგურება სახელმწიფო იდეოლოგიად და არ უნდა დაესახათ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება მიზნად. ასე ხომ ჟღერდა ყველაფერი, არა? არავის დავიწყებია ეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს არ გვავიწყდება.“
პუტინი შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ წერილსაც, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეეცდება კალინინგრადის იზოლაციაში მოქცევას.
მისი თქმით, ეს „არა მუქარა, არამედ პასუხია რუსეთის დაშინების მცდელობაზე“.
პუტინისვე სიტყვებით, რუსული სტრატეგიული სარაკეტო ძალები 98%-ზე მეტად არის მოდერნიზებული და, როგორც ამბობს, „არც ერთ სხვა ბირთვულ ზესახელმწიფოს არ აქვს მოდერნიზაციის ასეთი მაღალი დონე“:
„თუ საქმე რუსეთის ფედერაციაზე, კერძოდ კი კალინინგრადზე, ან შესაძლოა სხვა ტერიტორიებზე, პირდაპირ თავდასხმამდე მივა, მაშინ რუსეთის მიერ მის ხელთ არსებული ყველა იარაღის გამოყენების საკითხი გარდაუვლად და დაუყოვნებლივ დადგება დღის წესრიგში.
ეს დაშინება არ არის - ეს არის პასუხი ჩვენს დაშინების მცდელობებზე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არ ვაყალიბებთ დასავლელი და ევროპელი პოლიტიკოსების ამ განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ ომის აუცილებლობის, შესაძლებლობისა და 2029 ან 2030 წლისთვის ომისთვის მზადების შესახებ. ამას მეორე მხარისგან მუდმივად ვისმენთ...
რა თქმა უნდა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფოები არიან; ჩვენ ეს სრულად გვესმის და ვაღიარებთ. მაგრამ დღეს სხვა არავის აქვს ისეთი დამრტყმელი შესაძლებლობები, როგორიც რუსეთს აქვს. და ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა.“
ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ეკონომიკის მიმართულება, რომელსაც კრემლის ლიდერის განცხადებითაც, ზიანი მიადგა უკრაინის მხრიდან ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების გამო.
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ამ იერიშების ფონზე, რუსეთმა მშპ-ს 1% დაკარგა.
მისივე განმარტებით, თუკი უკრაინა დღესვე შეწყვეტს რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყემბს, მსოფლიო ბაზარზე არც დიზელის რაოდენობა მოიმატებს და არც მისი ფასი დაიკლებს, რადგან რუსული წიაღისეული გლობალურად არ ივაჭრება სანქციების გამო.
ამ სიტყვებით, პუტინმა, ფაქტობრივად, გააბათილა დონალდ ტრამპის განცხადებები, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დიზელზე ფასების ზრდაში კიევი დაადანაშაულა, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გამო.
ყველა ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის ფორუმზე“ გააკეთა, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენს რუსეთის ყოველწლიურ, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბს და აერთიანებს როგორც რუს, ისე უცხოელ ექსპერტებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსახილველად.
საგულისხმოა, რომ უკრაინული დრონებით იერიშების ფონზე, კრემლს მოუწია ფორუმის ჩატარების ტრადიციული ადგილის შეცვლა და მისი სოჭიდან მოსკოვში გადატანა.
