პრეზიდენტ ტრამპის მისწრაფებამ, მოახდინოს ტექნოლოგიური რევოლუცია და ეს პროცესი ხელოვნური ინტელექტის „სუპერინტელექტად“ გადარქმევით დაიწყოს, მოულოდნელი გავლენა მოახდინა სლოვენიაზე.
საქმე ისაა, რომ შტატების ლიდერის მიერ შემოთავაზებული სახელწოდების ინიციალები - .si - ზუსტად ემთხვევა სლოვენიის ეროვნული რეესტრის მიერ დადგენილ ინტერნეტ-დომენს.
ევროპულ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 2 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამ დომენზე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - თანაც სწორედ გაეროში დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ.
სლოვენიაში აცხადებენ, რომ თვეში, საშუალოდ, 3 500 დომენს არეგისტრირებენ, ახლა კი დღიური მაჩვენებელი 3 700-ს აღემატება.
ინტერნეტ-დომენის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი სააგენტო მოუწოდებს სლოვენიაში მოქმედ კომპანიებს, ვისაც არ აქვს si-დომენი, დროულად დაარეგისტრირონ ის, ვიდრე გვიანი არ არის.
საგულისხმოა, რომ ბალკანური სახელმწიფოებისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ეროვნულ ინტერნეტ-დომენებზე მთელ მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება.
ამის ერთ-ერთი მაგალითია მონტენეგროს ინტერნეტ-სუფიქსი .me, რომელსაც აქტიურად იყენებენ პერსონალური ვებგვერდებისთვის.
თუმცა, მხოლოდ ევროპული ქვეყნები არ არიან მსგავსი ცნობადობით გამორჩეულები - ინტერნეტ-დომენის რეგისტრაციით მიღებული შემოსავლები იქცა ტუვალუს ერთ-ერთ ძირითად ფინანსურ წყაროდ.
წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს ვებსუფიქსი არის .tv, რომელსაც აქტიურად იყენებენ სატელევიზიო კომპანიები და ვიდეო კონტენტის შემქმნელები მთელი მსოფლიოდან.
