საფრანგეთი საუდის არაბეთში სამხედრო ძალებს გზავნის, რათა წითელ ზღვისპირეთის ენერგეტიკული დერეფნის დაცვაში მიიღოს მონაწილეობა. სუბარია საპორტო ქალაქ იანბუზე, რომელიც ენერგიის ტრანსპორტირების ერთერთი მთავარი მარშრუტია. ფრანგულ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განცხადა, რომ რეგიონში ფრანგ ჯარისკაცებთან ერთად თავდაცის სისტემები გაიგზავნება. ის აქვე გამორიცხავს კონფლიქტში ჩაბმის შესაძლებლობას და ხაზს უსვამს,რომ პარიზის ეს ნაბიჯი ენერგეტიკული მარშრუტის უსაფრტხოების უზრუნველსაყოფად იდგმება.
„მილიონობით ბარელი ნავთობი საუდის არაბეთის გავლით წითელ ზღვამდე მიედინებოდა იანბუს ობიექტის მეშვეობით, რომელიც ჰუსიტების თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება. საუდის არაბეთთან შეთანხმება ფინალიზებულია, მის თანახმად ამ ობიექტის დასაცავად ადგილზე განვათავსებთ სამხედრო რესურსებს, მათ შორის ჯარებს, რადარებსა და თავდაცვის სისტემებს. ჩვენი მიზანი არ არის რაიმე კონფლიქტში ჩართვა, არამედ ამ ობიექტის დაცვა. მოგეხსენებათ, გაზის, დიზელისა და ნედლი ნავთობის, უფრო სწორად კი, გადამუშავებული ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20 პროცენტი სპარსეთის ყურიდან მოდის. ამიტომ ჩვენი ძალისხმევის მთავარი მიზანი იქნება დაძაბულობის შემცირება, რათა ეს მარაგები რეგიონიდან რაც შეიძლება შეუფერხებლად გაედინებოდეს“- აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
საუდის არაბეთს ხუთშაბათს ექვსი ბალისტიკური რაკეტის მოგერიება მოუხდათ იემენელი ჰუსიტებისგან,რომლებიც რეგიონში ირანის ერთერთ საყრდენ სატელიტად მიიჩნევიან. სამიზნე სამხრეთის პროვინცია ტაიფი და წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე იანბუ იყო.
ინტერვიუში, ემანუელ მაკრონმა არ დამალა აშშ-ის მხრიდან დიზელის ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილების ირგვლივ უკმაყოფილება, აღნიშნა,რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შესაძლოა კოორდინირებულად განიხილონ სტრატეგიული რეზერვების გამოთავისუფლების საკითხიც.
საგულისხმოა,რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე პოლიტიკური ზეწოლა იზრდება დიზელის ფასების შემცირების მიზნით, თუმცა უფრო აგრესიულმა ზომებმა, მაგალითად, ექსპორტის აკრძალვამ, შესაძლოა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა შეაფერხოს და საწვავის ფასები გაზარდოს. ვაშინგტონში ახლა ეძებენ გზებს, რათა შიდა ბაზარზე დიზელის მიწოდება გაზარდონ ისე, რომ სხვა მიმართულებით ახალი პრობლემები არ შექმნან. აშშ მსოფლიოში დიზელის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.
