კატეგორიები

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება
Copyright AP

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. კენჭისყრამდე ქვეყნის მოსახლეობას ვლადიმერ პუტინმა მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მცხოვრებნიც.

პუტინის თქმით, აქტიურად უნდა ჩაერთონ ის რუსი სამხედროებიც, რომლებიც ამჟამად უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.

რუსეთის პრეზიდენტი არჩევნებს ქვეყნის ერთიანობის დემონსტრირებადაც განიხილავს. მისი განცხადებით, მოქალაქეების არჩევანი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსი სამხედროების უკან მილიონობით ადამიანი დგას და რუსეთის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის შერყევა ვერავინ შეძლო.

„სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების, ასევე რიგი რეგიონების საკანონმდებლო ორგანოებისა და ხელმძღვანელების, აგრეთვე მუნიციპალური ხელისუფლების არჩევნები კანონის სრული დაცვით და დადგენილ ვადებში ჩატარდება. ეს ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანია სამხედრო ოპერაციის ფონზე მიმდინარეობს. რუსეთთან გაერთიანების შემდეგ პირველად, დონბასისა და ნოვოროსიის მცხოვრებლები სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს აირჩევენ. დარწმუნებული ვარ, კენჭისყრაში ძალიან აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრებიც, რომლებიც ამჟამად რთულ საბრძოლო ოპერაციებში არიან ჩართული“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მოახლოებულ არჩევნებზე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა დასავლეთი რუსეთის საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„როგორც წინა წლებში, თუმცა განსაკუთრებით ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის პირდაპირ ჩარევას, ან პირდაპირი ჩარევის მცდელობას, ჩვენი მოქალაქეების ნების გამოხატვაში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საზღვარგარეთ, თუმცა მსგავსი მცდელობები რუსეთის შიგნითაც ხდება.

მაგრამ თუ ევროპა, რომელიც ყოველდღიურად საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზადებაზე, რუსეთის ფედერაციას თავს დაესხმება, ეს სრულიად განსხვავებული სახის ომი იქნება  და ძალიან ხანმოკლე. იმედი მაქვს, ამ გაფრთხილებას გაითვალისწინებენ როგორც ევროპის დედაქალაქებში, ისე იმ ინსტიტუტებში, რომლებიც დღეს ერთიანი ევროპის წარმომადგენლობას ცდილობენ“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მის გზავნილს ევროპულ დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში გაითვალისწინებენ.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

დაკავშირებული ამბები
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება არჩევნები რუსულად: დებატები პოლიტიკოსების გარეშე