ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინმა კანადას შესთავაზა, გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი.
სტრასბურგში, ევროპარლამენტში „კავშირის მდგომარეობის“ შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ოტავასთან ტექნოლოგიების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში კავშირების გაღრმავების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„ჩვენ გადავალთ CETA-დან მომავლის ალიანსზე, რათა შევქმნათ საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცე. ჩვენ ვიმუშავებთ ე.წ. ჭკვიან წარმოებაზე. შევქმნით ტექნოლოგიურ ალიანსს, გავაერთიანებთ თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზებს. არქტიკას ვაქცევთ ფლაგმანურ ერთობლივ პროექტად, ვიმუშავებთ ენერგოკრიტიკულ მინერალებსა და ბატარეებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტურ, კიბერ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ეს არ არის პარტნიორობა ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის პარტნიორობა ჩვენი საერთო სიძლიერისთვის. ჩვენ გვსურს, კანადასთან ურთიერთობა უმაღლეს შესაძლო დონეზე ავიყვანოთ. ძვირფასო მარკ, მე ვთქვი, რომ სასწრაფოდ უნდა გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას. ამიტომ მსურს, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადა გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი”. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაინმა.
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, რომელიც სტრასბურგში ფონ დერ ლაიენის გამოსვლას ესწრებოდა, 17 სექტემებრს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.
ოტავა ბრიუსელთან განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გაცვლითი პროგრამა „Erasmus+“-ში, კვლევით გრანტების პროგრამა „Horizon Europe“-სა და მუშახელის კვალიფიკაციის ურთიერთაღიარების პროცესებში ჩართვა.
თუმცა ასოცირებული წევრობა სრულიად ახალი სტატუსია და კვლავ რჩება პასუხგაუცემელი მნიშვნელოვანი კითხვები, მათ შორის ის, ექნება თუ არა ოტავას ხმის მიცემის უფლება ევროკავშირის ინსტიტუტებში.
