კატეგორიები

,,ჰამასი” განიარაღებაზე უარს ამბობს

,,ჰამასი” განიარაღებაზე უარს ამბობს
Copyright AP

ღაზის სამშვიდობო გეგმის შესრულება კვლავ ვერ ხერხდება. ,,ჰამასი“  არ აპირებს განიარაღებას, სანამ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ამის შესახებ ირანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ხალედ ქადუმიმ, განაცხადა.

მისი თქმით, შეიარაღებული წინააღმდეგობა „ჰამასისთვის“ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად რჩება და ვიდრე, მისი შეფასებით, საოკუპაციო ძალა იარსებებს, წინააღმდეგობაც გაგრძელდება.

„ბატონმა ტრამპმა წარმოადგინა წინადადება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომისა და გენოციდის დასრულებას ითვალისწინებდა. ეს კარგი ინიციატივა იყო და იმ მიზანს ასახავდა, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. ბოლოს და ბოლოს, რა არის ჩვენი მიზანი?  შეწყდეს ეს გენოციდი და ღაზაში ჩვენს ხალხს ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ ამ წინადადებას დადებითად ვუპასუხეთ. მიზეზი მარტივი და ნათელია. ჩვენი საერთო მიზანი იყო გენოციდის შეჩერება და ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულებრივი ომის დასრულება. წინააღმდეგობას ერთი ეფექტიანი და ძლიერი ინსტრუმენტი აქვს  - იარაღი. შეიარაღებული წინააღმდეგობა ისტორიის განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ მყოფი ნებისმიერი საზოგადოების წინააღმდეგობის ნაწილი იყო. ვიდრე საოკუპაციო ძალა იარსებებს, ჩვენც არ გავჩერდებით  და ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ,  პირველ რიგში კი,  იარაღს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა, პრაქტიკულად არ შესრულებულა. ოქტომბრის შემდეგ 1 200-ზე მეტი ადამიანი გვყავს დაღუპული. ამას შეიძლება ცეცხლის შეწყვეტა ეწოდოს?  რა თქმა უნდა, არა!“ - განაცხადა ირანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა ხალედ ქადუმიმ.

ამჟამად ისრაელის ძალები ღაზის სექტორის დაახლოებით 60 პროცენტს აკონტროლებენ. ნეთანიაჰუმ გასულ კვირას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი 15-პუნქტიანი გეგმა არ მიიღო, რაც ვაშინგტონთან, ისრაელის მთავარ მოკავშირესთან, უთანხმოების იშვიათ საჯარო გამოვლინებად შეფასდა.

მოლაპარაკებების შედეგზე დიდწილად არის დამოკიდებული ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი ადამიანის მდგომარეობა და ომით განადგურებული ტერიტორიის აღდგენის პერსპექტივა.

დაკავშირებული ამბები
,,ჰამასი” განიარაღებაზე უარს ამბობს დონალდ ტრამპი ომანს ემუქრება