უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 16 აგვისტოს რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე. რუსული იერიშის შედეგად კიევში ექვსი ადამიანი დაშავდა. ქალაქში საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი წიგნის ბაზარი თითქმის სულ განადგურდა. როდესაც ბაზარში მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, რუსულმა არმიამ ადგილზე მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მეხანძრეებს თავის შეფარება მეტროს სადგურში მოუწიათ.
რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა კრემენჩუკი და კრივი-რიჰიც. კრივი-რიჰში ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის 13 რეგიონი დაბომბა, სადაც რუსეთმა 1 550-ზე მეტი დრონი, 1 560-ამდე მართვადი საჰაერო ბომბი და 62 რაკეტა გამოიყენა.
„დილიდან ბევრ რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გრძელდება, რუსებმა დრონების მორიგი ტალღა გაუშვეს. მადლობელი ვარ ყველა სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დანაყოფების, პოლიციისა და მედიკოსების, რომლებიც პირველები მიდიან თავდასხმების ადგილებზე, ეხმარებიან ადამიანებს და სწრაფად რეაგირებენ სიცოცხლის გადასარჩენად და ნორმალური მდგომარეობის აღსადგენად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის ეს თავდადება პარტნიორების მხრიდან ცის დასაცავად გადადგმულმა ახალმა ნაბიჯებმაც გააძლიეროს. როდესაც ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები აქ, ევროპაში, ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და ადამიანების სიცოცხლეს იწირავენ, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები საწყობებში არ უნდა ინახებოდეს. საჭიროა სიცოცხლის დაცვა. რუსეთი უნდა შეჩერდეს. დახმარების ახალი პაკეტები ყოველდღიურად გადარჩენილი ადამიანებისა და დაცული ინფრასტრუქტურის ტოლფასია. მადლობას ვუხდი თითოეულ პარტნიორს, რომლებიც ამ საქმეში გვეხმარებიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ მედიაზე.
უკრაინამ საპასუხო იერიში მიიტანა რუსეთზე. ეს კონფლიქტის განმავლობაში კიევის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში იყო. კიევმა რუსეთის მიმართულებით ასობით დრონი გაუშვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით 822 უკრაინული დრონი გაანადგურა. რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინულ იერიშებს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
