კატეგორიები

რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ შეტევებს აგრძელებს

რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ შეტევებს აგრძელებს
Copyright AFP

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი იერიში მიიტანა. დარტყმების სამიზნე ამჯერად კიევი და ხარკივი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწყობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კიევში უპილოტო საფრენმა აპარატმა დესნიანსკის რაიონი დაბომბა. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. მეხანძრეები და მაშველები დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწყობის სამსართულიან  შენობას, მოგვიანებით კი ხანძარი მეზობელ შენობაშიც გავრცელდა. მაშველებს ხანძრის ლოკალიზება და დაზარალებულთა ევაკუაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდათ.

მძიმე ვითარება იყო ხარკივშიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა იერიში ქალაქზე დილით მიიტანა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა პირდაპირ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც რამდენიმე ბინა განადგურდა.

მაშველები ნანგრევებში ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, პარალელურად კი დაზიანებული შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მოსკოვი კი  ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

დაკავშირებული ამბები
კიევმა ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ რუსულ ენერგოობიექტებს დაარტყა რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ შეტევებს აგრძელებს