25 მაისს გაერთიანებულ სამეფოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა გამოვლინდა. ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში მოსახლეობას სითბური ტალღის შესახებ აფრთხილებენ.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ტემპერატურამ 33.5 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რითაც მოხსნა 1922 წლისა და შემდეგ 1944 წლის რეკორდი, როდესაც ქვეყანაში 32.8 გრადუსი ცელსიუსი იყო. ადგილობრივები და ტურისტები შვებას სანაპიროებზე, პარკებსა და ჩრდილში ეძებენ.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ განგაშის „ქარვისფერი“ დონე გამოაცხადა. გაფრთხილება დღის ყველაზე ცხელ პერიოდში სიკვდილიანობის ზრდის შესახებ განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის არის მიმართული.
დიდ ბრიტანეთში მაისის სიცხეები იშვიათი მოვლენაა და ექსპერტების თქმით, წლის ამ დროს წვიმის ნაკლებობამ შესაძლოა მოსავლი გააფუჭოს.
„თუ ჩვენს კულტურებზე ვიფიქრებთ, ჩვენი ფერმერები, რომლებიც ცდილობენ ამ კულტურების მოყვანას, ნამდვილად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობით წყალი და ეს შესაძლოა ნამდვილად იყოს პრობლემა ზაფხულში მოსავლის აღების თვალსაზრისით. ამან შესაძლოა, მოუსავლიანობაც კი გამოიწვიოს“. - განაცხადა რედინგის უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის პროფესორი, ჰანა კლოკი.
მეტეოროლოგების თქმით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულის თვეებისთვისაა დამახასიათებელი, გამოწვეულია ევროპიდან დიდ ბრიტანეთკენ წამოსული მაღალი წნევის ჰაერის მასებით.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ ქვეყნის ხუთ რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ ინგლისში, ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, განგაშის ქარვისფერი დონე გამოაცხადა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშიც რეკორდული ტემპერატურა გამოვლინდა, რაც ასევე სითბურ ტალღას უკავშირდება.
ქალაქში ტემპერატურამ 33 გრადუს ცელსიუსს (91 ფარენჰეიტს) გადააჭარბა. პარიზელები და ქალაქში ჩამოსული სტუმრები ან მზის აბაზანებს იღებენ ან ჩრდილში აფარებენ თავს.
„ვფიქრობ, ჩვენ უკვე საკმაოდ კარგად ვაცნობიერებთ გლობალური დათბობის შედეგებს, ძალიან მგრძნობიარეები ვართ მის მიმართ და ეს გვაშფოთებს, განსაკუთრებით ასეთი ინტენსიური სიცხე მაისში რომ არის. ეს საკმაოდ საშიშია მომავლისთვის, რადგან ჯერ ზაფხულიც კი არ მოსულა. ჯერ ივნისიც არ დამდგარა”. - აცხადებს პარიზის მკვიდრი მანონ ჰუბერი.
საფრანგეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის, Meteo France-ის ცნობით, მაისის თვის ტემპერატურამ რეკორდი მოხსნა, ქვეყნის უმეტეს ნაწილში 30 გრადუს გადააჭარბა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ასეთი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
„ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. რადგან მე ძაღლი მყავს. ძალიან ადრე ვიღვიძებ, რომ ძაღლი გავასეირნო, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ძლიერ სიცხეში გარეთ არ მოგვიწევს გამოსვლა. როგორც კი გავასეირნებ და ყველაფერს მოვამთავრებთ, მას სახლში ვტოვებ და შემდეგ ვიწყებ ჩემს დღეს. აი, ასე“. - აცხადებს ბელგიელი ტურისტი, სონია ბენუდა.
დედამიწის დათბობის პარალელურად ამინდიც სულ უფრო ხშირად იცვლება.
ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვილიებით გამოწვეული უპრეცედენტო და ხშირად საშიში ამინდის ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც ზოგჯერ უჩვეულო დროსა და ადგილებში ხდება, უფრო მეტ ადამიანს აყენებaს საფრთხეში.
