ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ოფიციალური ვიზიტით შვედეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. ლიდერებმა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ევროპასა და ინდოეთს შორის იანვარში ნიუ-დელიში ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმება განიხილეს, რომლის საბოლოოდ გაფორმებაც წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.
ევროკავშირისა და ინდოეთისთვის ყველაზე მასშტაბური ორმხრივი შეთანხმება მსოფლიო ეკონომიკური წარმოების თითქმის მეოთხედს მოიცავს. შეთანხმების ფარგლებში ინდოეთი გააუქმებს ან შეამცირებს გადასახადებს ევროკავშირის საქონლის ექსპორტის 96.6%-ზე, ხოლო ევროკავშირი შვიდი წლის განმავლობაში ინდოეთიდან იმპორტირებული საქონლის 99.5%-ს ტარიფებს მოუხსნის.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია და ევროკავშირსა და ინდოეთს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„ვაჭრობა განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი საინვესტიციო შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს. სწორედ ეს აკლია ახლა ჩვენს გაძლიერებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ისეთ მსოფლიოში, სადაც მიწოდების ჯაჭვები თავიდან ყალიბდება და ეკონომიკური უსაფრთხოება გამოწვევებს ისე გვიქმნის, როგორც არასდროს. საინვესტიციო კავშირების გაღრმავება კი რისკების შემცირებასა და დივერსიფიკაციაში დაგვეხმარება. ნიუ-დელიში ევროკავშირი-ინდოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი დიალოგის შემდეგ თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, განსაკუთრებით საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც ევროკავშირისა და ინდოეთის ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გავმართავთ. ასევე ვთანამშრომლობთ კიბერუსაფრთხოების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და ზოგადად ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიმართულებებით. ჩვენს ამ თანამშრომლობას შეუძლია არასტაბილურ სამყაროში დაამყაროს სტაბილურობა და ჩვენი მოსახლოების უსაფრთხოება უზრუნველყოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, ინდოეთ-ევროკავშირის შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც ევროკავშირის, ისე ინდოეთის ინდუსტრიებისთვის, ინვესტორებისა და ინოვატორებისთვის. მისივე თქმით, შეთანხმების, რომელიც ყველა სექტორს მოიცავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებია.
„შეთანხმების შედეგად ჩვენი სტრატეგიული და ადამიანებზე ორიენტირებული პარტნიორობა უფრო გაღრმავდება. ინდოეთ-ევროკავშირის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ციფრულ ტექნოლოგიებზე, სუფთა ენერგიაზე, ნახევარგამტარებზე, მდგრადი მიწოდების ჯაჭვებზე, ასევე ინოვაციებზე. ინდოეთსა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული დაახლოება მნიშვნელოვანია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მეგობრებო, დღევანდელ გლობალურ გარემოში, რომელიც დაძაბულობით არის აღსავსე, მსგავსი მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა, ნარენდრა მოდიმ.
ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შვედ კოლეგასთან ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, თავდაცვის მიმართულებებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების გეგმებზე ისაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა.
„ევროკავშირი, შვედეთი და ინდოეთი იმ უზარმაზარ პოტენციალს აცნობიერებენ, რომელიც პარტნიორობის გაღრმავებას მოსდევს, განსაკუთრებით ასეთ არაპროგნოზირებად სამყაროში. დღეს ჩვენს საერთო მიზნებს, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ სამოქმედო გეგმას ჩავუყარეთ საფუძველი. ვაახლებთ თანამშრომლობის არსებულ სფეროებს და ვაფართოებთ მას ახალი მიმართულებებით, ინოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტით, კოსმოსისა და გეოსივრცითი ტექნოლოგიებით, რომლებიც მომავალს განსაზღვრავს. აქვე იგულისხმება, რა თქმა უნდა, განახლებად ენერგიაზე გადასვლაც. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრების კონკრეტულ შედეგებს: პირველი - ჩვენ შევთანხმდით ინოვაციური პარტნიორობის მეორე ეტაპის დაწყებასა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთობლივი ცენტრის შექმნაზე, რომელიც ორივე ქვეყნის აკადემიურ ინსტიტუტებს დააკავშირებს. მეორე მხრივ, ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების უწყებებსშორის დიალოგს”, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
შვედეთში ვიზიტამდე, ევროპული ტურნეს ფარგლებში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებს ეწვია. მან ნიდერლანდებთან ვაჭრობის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი.
შემდეგ ის ოსლოში ინდოეთ-ნორდიკული ქვეყნების მესამე სამიტზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიის, თავდაცვის, კოსმოსისა და არქტიკის რეგიონში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ევროპის ტურნეს 20 მაისს იტალიაში ვიზიტით დაასრულებს. იგი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეხვდება.
