27 თებერვალს ღამით პაკისტანმა იერიშები მიიტანა ავღანეთის დიდ ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ ქაბულზე. როგორც პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ქვეყანას მოთმინება ამოეწურა, შესაბამისად, ახლა ისინი ომში არიან.
პაკისტანის იერიშები მოჰყვა 26 თებერვალს ავღანელების მიერ პაკისტანის სასაზღვრო ჯარებზე თავდასხმას, რომელიც, თავის მხრივ, საპასუხო ქმედება იყო პაკისტანის მიერ მანამდე განხორცილებეული ავიაიერიშებისა.
პლატფორმა „იქსზე“ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკელებისა და ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ ავღანეთში მშვიდობა დამყარდებოდა. თუმცა ამის ნაცვლად „თალიბანმა“ ის ინდოეთის კოლონიად და ტერორისტების თავშესაფრად აქცია.
ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა 26 თებერვალს საღამოს პლატფორმა „იქსზე“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობდა, რომ პაკისტანის არმიის სულ მცირე ხუთი საგუშაგო დაიკავეს, მოგვიანებით კი ავღანეთის აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციის საინფორმაციო დირექტორატმა განაცხადა, რომ ისინი უკვე პაკისტანის 17 სამხედრო საგუშაგოს აკონტროლებენ.
„პაკისტანის ძალების მიერ ნანგარჰარსა და ფაქთიაში ბოლო დროს განხორციელებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ზონაში დღეს საღამოს 8:00 საათზე დაიწყო მძიმე შეტაკებები. ხალიდ ბინ ვალიდის 201-ე კორპუსის სასაზღვრო და ქვეითმა დანაყოფებმა ინტენსიური იერიშები მიიტანეს პაკისტანის პოლიციის საგუშაგოებზე, რომლებიც ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში, ე.წ. დურანდის ხაზის მახლობლად, სხვადასხვა რაიონში მდებარეობს“. - ამბობს, ხალიდ ბინ ვალიდის 201-ე კორპუსის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ზონაში, მაულვი ვაჰიდულა მოჰამადი.
მეზობლებს შორის ურთიერთობა რამდენიმე თვეა დაძაბულია. ოქტომბერში მომხდარი ბრძოლის შემდეგ, რომლის დროსაც ორივე მხრიდან 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები ძირითადად დახურულია.
ბოლო თვეებში პაკისტანსა და ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტებმა აფეთქებების სერია განახორციელეს. ისინი თავს დაესხნენ ისლამაბადში შიიტურ მეჩეთსაც, რასაც სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ისლამაბადი ავღანეთს ადანაშაულებს, რომ არაფერს აკეთებს პაკისტანში თავდამსხმელი მებრძოლი ჯგუფების წინააღმდეგ, რასაც „თალიბანის“ მთავრობა უარყოფს.
კატარისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, თუმცა ძალისხმევის მიუხედავად, მდგრადი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პაკისტანსა და ავღნეთს მოუწოდებს, თავიანთი უთანხმოებები კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და დიალოგის ფარგლებში მოაგვარონ. პლაფტორმა "იქსზე" აბას არაღჩიმ დაწერა, რომ ირანი მზადაა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგსა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
