კატეგორიები

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს

Copyright EC - Copyright AP

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომავალ კვირას ქვეყნის ბირთვული შეკავების პოლიტიკის განახლებულ ხედვას წარადგენს. ღონისძიება დაგეგმილია ილ-ლონგის სამხედრო ბაზაზე, სადაც საფრანგეთის ოთხი ბირთვული წყალქვეშა ნავია შეყვანილი.

ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთის აგრესია შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გასცდეს. პარალელურად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის ბირთვული ქოლგის სიმტკიცეს. ამ ფონზე, როგორც ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი, საფრანგეთი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

მაკრონის შესაძლო გადაწყვეტილებები შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს მისი საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდში. ბოლო წლებში შეიცვალა გლობალური უსაფრთხოების გარემო. რუსეთმა შეამცირა ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარი. ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა ზრდიან არსენალს,  უკრაინაში ომის დაწყებიდან კი მეხუთე წლის ათვლა დაიწყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ საფრანგეთის ბირთვული შეკავების ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩება. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გეგმა ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილების გაზიარებაზე. გადაწყვეტილებას ყოველთვის მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი იღებს. ასევე არ განიხილება იდეა, რომ მოკავშირეებმა გადაიხადონ საფრანგეთის ბირთვული შეკავების ხარჯები. აუცილებელია, საფრანგეთის ბირთვული ძალა სრულად სუვერენული დარჩეს, „გაფართოებული შეკავება“ არ იქცეს გარიგების ტრანზაქციულ მექანიზმად. ჩვენ არ გვსურს, ვინმემ გადაიხადოს ბირთვული შეკავებისთვის. რა თქმა უნდა, კონვენციური შეიარაღების პროგრამების გაზიარება ევროპელებს შორის შესაძლებელია, მაგრამ არა ბირთვული შეკავებისა. ის უნდა დარჩეს სუვერენული და დამოუკიდებელი, თუმცა ამავე დროს სარგებელი უნდა მოუტანოს ევროპულ ქვეყნებსაც“ განაცხადა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული შეკავების სპეციალისტმა ელოიზ ფაიემ.

საფრანგეთს 300-ზე ნაკლები ბირთვული ქობინი აქვს, რომლებიც განთავსებულია წყალქვეშა ნავებსა და სამხედრო ავიაციაზე. მაკრონის განცხადებით, ეს საკმარისია ნებისმიერი ქვეყნისთვის ზიანის მისაყენებლად, თუ საფრანგეთის სასიცოცხლო ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება. თუმცა ანალიტიკოსები ყურადღებით დააკვირდებიან, მიანიშნებს თუ არა პრეზიდენტი არსენალის გაზრდის საჭიროებაზე.

ბირთვული შეკავების პოლიტიკა ყოველთვის ბუნდოვანია. პოტენციურმა მოწინააღმდეგეებმა არ უნდა იცოდნენ, რა შეიძლება გახდეს ბირთვული პასუხის მიზეზი. მიუხედავად ფრთხილი განცხადებებისა, ელისეის სასახლეში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გამორიცხავენ.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს საფრანგეთში რეკორდული ხანგრძლივობის – ორმოცდღიანი წვიმა შეწყდა