მთავარიაზიაირანი„საუბარი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე არ მოგვიწევს“- ახლოვდება აშშ-ირანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

„საუბარი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე არ მოგვიწევს“- ახლოვდება აშშ-ირანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

„საუბარი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე არ მოგვიწევს“, — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდამდე ერთი დღით ადრე და განმარტა, რომ შტატებს ირანთან ბალისტიკური რაკეტების საკითხიც აქვს განსახილველი.

აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ირანელ დიპლომატებს შორის, ომანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხუთშაბათს ჟენევაშია ჩანიშნული.

მოლაპარაკებები მიზნად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ისახავს, თუმცა, როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბირთვული პროგრამის გარდა საფრთხისშემცველია ის შეიარაღებაც, რომელიც, მისი განმარტებით, „მხოლოდ ამერიკასა და ამერიკელებზე თავდასხმისთვის არის შექმნილი.“ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტების საკითხზე საუბარზე უარს ამბობს — როგორც ვაშინგტონთან, ისე ნებისმიერ სხვასთან — და ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „დიდი პრობლემაა“.

კითხვაზე, არსებობს თუ არა გზა, რომ ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგი საკმარისად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო მოქმედებები არ დაიწყოს, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და დონალდ ტრამპს შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

„პრეზიდენტმა გუშინ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი უპირატესობას ყოველთვის დიპლომატიას ანიჭებს. თუმცა, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ირანი შეერთებული შტატებისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს უკვე დიდი ხანია ასეა. მას შემდეგ, რაც მათი ბირთვული პროგრამა განადგურდა, ისინი გააფრთხილეს, არ ეცადათ მისი აღდგენა, თუმცა, როგორც ხედავთ, მისი ელემენტების აღდგენას კვლავ ცდილობენ. ამჟამად ისინი ურანს არ ამდიდრებენ, მაგრამ ცდილობენ იმ ეტაპამდე მივიდნენ, როდესაც ამას შეძლებენ.

გარდა ამისა, ირანი ფლობს ბალისტიკური რაკეტების დიდ არსენალს, განსაკუთრებით მოკლე რადიუსის რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ბაზებსა და პარტნიორებს რეგიონში — ჩვენს ბაზებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და ბაჰრეინში. ასევე, მათი საზღვაო შესაძლებლობები საფრთხეს უქმნის ტრანსპორტირებას და მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების დაშინებასაც. ამიტომ, მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ბირთვული პროგრამის გარდა, მათ აქვთ ჩვეულებრივი შეიარაღება, რომელიც მხოლოდ ამერიკასა და ამერიკელებზე თავდასხმისთვის არის შექმნილი, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ. ეს საკითხებიც უნდა გადაიჭრას.

ხვალინდელი მოლაპარაკებები ძირითადად ბირთვულ პროგრამაზე იქნება კონცენტრირებული. ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს მივაღწევთ, რადგან პრეზიდენტის არჩევანი დიპლომატიურ გზაზე წინსვლაა. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ირანი უარს ამბობს ბალისტიკურ რაკეტებზე საუბარზე — ჩვენთან და ნებისმიერ სხვასთან — და ეს დიდი პრობლემაა.

რადგან პრეზიდენტს დიპლომატიური გადაწყვეტილებები სურს და მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს, ხვალინდელ შეხვედრაზე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ეს მოლაპარაკებების სერიის მორიგი ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ იგი ნაყოფიერი იქნება. საბოლოოდ, საუბარი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე არ მოგვიწევს. მაგრამ თუ პროგრესს ამ საკითხშიც ვერ მივაღწევთ, მაშინ ბალისტიკურ რაკეტებზე შეთანხმება კიდევ უფრო რთული იქნება. ამიტომ ხვალინდელ შეხვედრას მოლაპარაკებისთვის მორიგ შესაძლებლობად შევაფასებდი“, — განაცხადა მარკო რუბიომ.

ირანის საკითხზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც. მას ჰკითხეს, რატომ სჭირდება ვაშინგტონს იერიშის მიტანა თეირანის ბირთვულ პროგრამაზე, თუ ეს პროგრამა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს გაანადგურა. ჯეი დი ვენსმა ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველი არჩევანი საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაა.

„დღეს ირანის საკითხზე ახალ განცხადებებს არ გავაკეთებ. ამას პრეზიდენტს დავუტოვებ. როგორც იცით, იგი თავის ორ საუკეთესო მომლაპარაკებელს ხვალ ჟენევაში აგზავნის, რათა ამერიკელი ხალხისთვის საუკეთესო შეთანხმების მიღწევის მცდელობა გააგრძელონ. პრინციპი ძალიან მარტივია: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი. თუ ისინი ბირთვული იარაღის პროგრამის აღდგენას შეეცდებიან, ეს ჩვენთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ჩვენ ვნახეთ მტკიცებულებები, რომ სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდნენ. ამიტომ პრეზიდენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად მომლაპარაკებლებს აგზავნის. როგორც მან არაერთხელ თქვა, ამ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა სურს, თუმცა მას, რა თქმა უნდა, სხვა ვარიანტებიც აქვს“, — განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

თეირანში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებიან, თუ „ირანის ღირსება და ორმხრივი ინტერესები“ დაცული იქნება.

„ყველა ვარიანტი განიხილება — როგორც ღირსეული დიპლომატია, ისე თავდაცვითი პასუხი, რომელიც მტერს საკუთარ თავდასხმას ანანებს.

თუ დიპლომატიის გზას აირჩევთ და ამ გზაზე ირანის ღირსებასა და ორმხრივ ინტერესებს პატივს სცემთ, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავრჩებით — ისე, როგორც ახლა ვართ. ხვალ მოლაპარაკებების მესამე რაუნდია და ჩვენ წინა რაუნდებშიც ვმონაწილეობდით. მონაწილეობას მომავალ მოლაპარაკებებშიც მივიღებთ. მაგრამ თუ თქვენი გადაწყვეტილებაა, გაიმეოროთ წინა გამოცდილება — ტყუილით, სიცრუით, მცდარი ანალიზითა და ყალბი ინფორმაციით — და როგორც ადრე, ახლაც მოლაპარაკებების პროცესში იერიში მიიტანოთ, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ირანელი ხალხისა და ჩვენი თავდაცვის ძალების ძლიერ პასუხს მიიღებთ და ამ არჩევანს აუცილებლად ინანებთ“, — განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავიამზიდი — „ჯერალდ ფორდი“, რომელიც ვაშინგტონმა ირანის მიმართულებით გააგზავნა, ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება.

ირანი კი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო ბაზა თეირანისთვის სამიზნე გახდება.

ორივე მხარე მიანიშნებს, რომ თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ომისთვის მზად არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend