ისრაელში ოფიციალური ვიზიტისას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქვეყნის უმაღლეს ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანო ქნესეთს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ისრაელში ორდღიანი ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაძლიერებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ინდოეთი მხარს ყოველთვის პალესტინას უჭერდა და ისრაელთან სრულმასშტაბიანი დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 1992 წელს დაამყარა, ნარენდრა მოდის მმართველობის პერიოდში ისრაელ–ინდოეთის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა 7 ოქტომბერის მოვლენების შემდეგ მხარი ისრაელს ღიად დაუჭირა, რაც ინდოეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებად შეფასდა.
ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს ღაზაში ისრაელის იმ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
„თან მომაქვს ინდოელი ხალხის გულწრფელი სამძიმარი თითოეული დაკარგული სიცოცხლისა და იმ ოჯახების მიმართ, რომელთა სამყაროც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიმსხვრა. ჩვენ ვგრძნობთ თქვენს ტკივილს. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას.
ინდოეთი მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, სრული რწმენით, ახლაც და მომავალშიც. ღაზის მშვიდობის ინიციატივა, რომელსაც გაეროს უსაფრთხოების საბჭომაც დაუჭირა მხარი, გამოსავალს გვთავაზობს. ინდოეთმა ამ ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ გამოხატა. ჩვენ გვჯერა, რომ მას აქვს პოტენციალი, უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა რეგიონის ყველა ხალხისთვის, მათ შორის პალესტინის საკითხის მოგვარების ჩათვლით“, – განაცხადა ნარენდა მოდიმ.

ინდოეთის პრემეირ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელს სოლიდარობა ოფიციალურად გამოუცხადა. თუმცა, ამავე დროს ინდოეთი იმ 100-ზე მეტ ქვეყანას შორისაცაა, რომლებმაც თებერვლის დასაწყისში დაგმეს ისრაელის ახლად დამტკიცებული ზომები, რომლებიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე კონტროლის გაღრმავებასა და პალესტინის ხელისუფლების ისედაც შეზღუდული უფლებამოსილების შესუსტებას ისახავს მიზნდა.
მოსალოდნელია, რომ ახლა ინდოეთის ლიდერის ვიზიტი ისრაელს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაში დაეხმარება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ინდოელი კოლეგის ვიზიტს დადებითად აფასებს. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მხარეებს შორის გამართულ შეხვედრებზე პრიორიტეტი მიენიჭება ეკონომიკურ და უსაფრთხოების თემებს, ასევე ტექნოლოგიების გაზიარების საკითხებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების სფეროებს.
„ისრაელში თქვენი ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს პირად და სახელმწიფოებრივ კავშირებს. ისტორიული მასშტაბის ნაბიჯებს ერთად ვდგამთ. ეს, რა თქმა უნდა, ეხება უსაფრთხოების გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მაგრამ საქმე მხოლოდ უსაფრთხოებას არ ეხება. ჩვენ ვქმნით მოქმედების ინოვაციურ მიმართულებებს ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ტექნოლოგიაში, კიბერუსაფრთხოებაში, ხელოვნურ ინტელექტსა და კოსმოსში. თქვენ უკან არ დაგიხევიათ, პოზიცია არ შეგიცვლიათ, მიზეზები არ გიძებნიათ. თქვენ ისრაელის გვერდით იდექით, თქვენ ისრაელისთვის იდექით. თქვენ სიმართლისთვის იდექით“, – განაცხადა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მთავრობის ინფრომაციით, ორი ქვეყნის ლიდერი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერს ხელს. ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის გარდა, ინდოეთი ისრაელისთვის აზიაში მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, 2025 ფისკალურ წელს ინდოეთსა და ისრაელს შორის საერთო ვაჭრობის მოცულობამ 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ნარენდრა მოდი 2017 ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც ისრაელს ოფიციალურად ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.

