მთავარიაზიაირანიირანი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს

ირანი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო წრთვნებია ასახული. კადრებში ჩანს სარაკეტო წრთვნები,  დრონების გაშვება და სამიზნეებზე ცეცხლის გახსნა ირანის სანაპირო ზოლის მიმდებარედ. თუმცა  არ არის დაკონკრეტებული არც წრთვნების ჩატარების ზუსტი დრო და არც ადგილი.

პარალელურად შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ძალას ათავსებს. ამ ფონზე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირანსა და დასავლელ პარტნიორებს შორის დაგეგმილია მორიგი მოლაპარაკებები, რომლებიც ჟენევაში ხუთშაბათს გაიმართება.

„ყველა დანაყოფმა სხვადასხვა შესაძლებლობის ფარგლებში მათ შორის სარაკეტო, საარტილერიო, დრონების, სპეციალური დანიშნულების, ჯავშანტექნიკისა და მექანიზებული ძალების მიმართულებით მიიღო მეტად ეფექტიანი ზომები. ეს გეგმები არსებულ საფრთხეებზე დაყრდნობით არის შემუშავებული“ – განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების სარდალმა მოჰამად ქარამმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად საუბრობდა ირანის სანაპიროს სიახლოვეს განლაგებულ სამხედრო კონტინგენტზე. რეგიონში უკვე შემოვიდა ავიამზიდი ,, აბრაამ ლინკოლნი“. პარალელურად კარიბის ზღვის რეგიონიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“.

ანალიტიკოსების ცნობით, ამ ეტაპზე რეგიონში სულ მცირე 16 ამერიკული სამხედრო ხომალდია.

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა ბოლო წლებში პერიოდულად მწვავდება, განსაკუთრებით სამხედრო აქტივობებისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე. ექსპერტების შეფასებით, სამხედრო ძალის დემონსტრირება ორივე მხარისთვის ერთგვარი ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელსაც დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად მიმართავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend