გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მას შემდეგ რაც ფრედრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში. გერმანიისა და ზოგადად ევროპის მიზანია, ეკონომიკური კუთხით ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ ჩინეთზე. თუმცა, როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, ჩინეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა ევროპისთვის დამაზიანებელი იქნება.
„ჩვენ გვსურს და გვჭირდება, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს ჩვენს სხვებზე დამოკიდებულებას. ეს მხოლოდ ჩინეთს არ ეხება, არამედ ყველა მიმართულებას. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩინეთისგან სრული დისტანცირება შეცდომა იქნება. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ზიანს მოგვაყენებს. გაუმჯობესების ნაცვლად ეკონომიკურ შესაძლებლობებს დააზარალებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის კანცლერი ჩინეთში ვიზიტისას გერმანიისა და ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადრებას. ევროპაში შიშობენ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური კონკურენციის გამო. გერმანულ მხარეს უკრაინის საკითხებზე პეკინის პოზიციის მოსმენაც სურს. როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, გერმანიის მიზანი ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა.
„ჩვენ გვინდა პარტნიორობა ჩინეთთან. ისეთი პარტნიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, რეგულირებული და სამართლიანი. ამას ვთავაზობთ ჩუნურ მხარეს და მისგანაც იმავეს მოველით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ჩინური მხარე გერმანიის კანცლერის ვიზიტს მიესალმება და იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით.
„ჩინეთი და გერმანია ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათ დააგროვეს წარმატებული გამოცდილება ჯანსაღ კონკურენციასა და ინტეგრირებულ განვითარებაში. ჩინეთ–გერმანიის თანამშრომლობა ორივე მხარისთვისაა მომგებიანი და მან ორივე ქვეყნის მოსახლებას კონკრეტული სარგებელი მოუტანა. ორივე მხარემ უნდა დაიცვას ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპები, კიდევ უფრო მეტად განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა.
გერმანიის კანცლერთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება გერმანელი ბიზნესმენების დელეგაციაც, რომელიც ჩინეთთან ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივებს განიხილავს. გერმანულ მხარეს სურს, რომ ჩინეთმა არსებული სავაჭრო ბარიერები შეამციროს. ისინი ჩინეთში გერმანილი ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ის ობიექტზე ვიზიტსაც გეგმავენ.
„ვიზიტისას ჩემთან ერთად დიდი ბიზნესების წარმომადგენლებიც რომ მოდიან, მიანიშნებს იმას, თუ რამდენად დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის გერმანიის ეკონომიკისთვის. ეს ასევე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან ღიად ვისაუბროთ სამართლიან კონკურენციაზე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის კანცლერი ოფიციალურ შეხვედრებს ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ჩიანგსა და პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართავს.

