მთავარიევროპაუკრაინაევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც...

ევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც მიიღებს

„ამ პირობას ვერ დავარღვევთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების შესახებ საუბრისას.

დიპლომატის თქმით, სესხის გამოყოფის თაობაზე ევროკავშირში ორი მოწინააღმდეგის არსებობა ცალსახად ხელშემშლელი ფაქტორია, თუმცა არა დაუძლეველი წინააღმდეგობა, მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს დანარჩენი 25 წევრი ქვეყნის თანხმობა.

„სესხი შეთანხმებულია 27 სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობებთან, ასევე ევროპის საბჭოსთან. მათ მოგვცეს სიტყვა, რომელიც ვერ დაირღვევა, ამიტომ — ასე იქნება თუ ისე — შევასრულებთ პირობას.

ნება მომეცით მკაფიოდ გითხრათ: გვაქვს სხვადასხვა ვარიანტი და მათ გამოვიყენებთ. სანქციები ერთხმად უნდა იქნეს მიღებული და ეს, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება.

სანქციების წინა 19 პაკეტზე წარმატებით ვიმუშავეთ. არც ერთი არ ყოფილა მარტივი — თითოეულთან დაკავშირებით მოლაპარაკება მოგვიწია. თუმცა წარსული გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მე-20 პაკეტსაც გადავლახავთ. ეს დროის ამბავია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავე აზრზეა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, რომლის განცხადებითაც, მის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს, მის აღსრულებას ავალდებულებს:

„პრემიერ-მინისტრ ორბანს მივწერე, რომ უნგრეთი არღვევს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს და კვლავ დაჟინებით მოვუწოდებ მათ დაუყოვნებლივ შეუწყონ ხელი ევროპის საბჭოს მიერ 18 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას“, – თქვა ანტონიუ კოშტამ.

უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერები — ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო — ევროპარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკრიტიკეს. 24 თებერვალს, უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ რიგგარეშე სხდომაზე, ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ტრიბუნა კვლავ კიევისადმი პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს დაეთმო.

 

საპატიო სტუმრის სტატუსით, კიევიდან ევროპელ კანონმდობლებს ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროპარლამენტის წევრებმა ბუდაპეშტი და ბრატისლავა მოსკოვის მოკავშირეობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ვლადიმერ პუტინს ეხმარებიან მეტად დაასუსტოს და დაანაწევროს ევროპა, რაც მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება.

„ეს ყველაფერი მხოლოდ კრემლის დაუნდობელი დიქტატორის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომელმაც 1941–1944 წლების ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ მეორე ფაშისტური თავდასხმა მოაწყო.

ჩვენი აღშფოთება მხოლოდ პუტინს არ უკავშირდება, არამედ მის თაყვანისმცემლებსაც — ევროკავშირში მყოფ ისეთ ფანატიკოს ფსიქოპატებსა და სამხედრო სპეკულანტებს, როგორიცაა ორბანი და ფიცო. თქვენი სამარცხვინო საქციელი ევროპის ისტორიაში შევა, სადაც მოღალატეებად ჩაიწერებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა.

„როდესაც უკრაინელები მამაცურად და მტკიცედ ებრძვიან სასტიკ აგრესორს, აქ, ევროპაში არსებობს ადამიანი, რომელიც გამუდმებით გვიმტკიცებს საწინააღმდეგოს.

უკრაინის სიძლიერის მიუხედავად, მან დაასუსტა ევროპა. თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის პირობებში ის უსუსურად მოიქცა. ევროპული ერთობის ეტაპზე ის პუტინის იაფასიან მსახურად იქცა.

ვიქტორ ორბანმა ბოლო წლებშიც და დღესაც უღალატა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველას ჩვენს. მან უღალატა ევროპას“, – თქვა ევროპარლამენტარმა ტერი რეინტკემ.

ვიდრე ევროპელი მოკავშირეები კიევის ფინანსურ დახმარებაზე მსჯელობენ და ადგილზე ვიზიტითა თუ სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან გაკეთებული განცხადებებით ცდილობენ მხარდაჭერის გამოხატვას, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ამერიკულ მედიაში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობას, თითქოს დონალდ ტრამპს ომის დასრულება 4 ივლისამდე სურს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ამ თარიღის შესახებ მისთვის უცნობია, თუმცა დასძინა, რომ რაც მალე იარსებებს სამართლიანი, ღრმა და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება, მით უკეთესია უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის.

„ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც აბუ-დაბიში, ისე შვეიცარიაში მოლაპარაკებებისას უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა წამოწიეს საკითხი, რომ აშშ-ის აქვს სურვილი და ხედვა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ომი. უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს პროცესების დაჩქარებას. ხშირად ვსწავლობთ ომის დასრულების სწრაფ გზაზე, რომელსაც ნამდვილად ვუჭერთ მხარს…

როგორც იცით, მოლაპარაკებებისას რთული საკითხების გადაჭრა გვიწევს, რომლებიც ტერიტორიებს ეხება. ძირითადად ყველაფერი ამ თემის ირგვლივაა. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიც — ესეც, ვთქვათ სიმართლე, ტერიტორიული საკითხია.

გულწრფელი ვიყოთ: ეს ჩვენთვის არ არის შემოსავლის საკითხი, არამედ ატომური ელექტროსადგური ჩვენი პრინციპების ამბავია. ეს სადგური ჩვენია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებას დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყდეს ცეცხლი რუსეთსა და უკრაინას შორის.

დოკუმენტს მხარს 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა. მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ რუსეთი, მისი მოკავშირე ბელარუსი და ამავე ბანაკში მყოფი სახელმწიფოები შორეული აზიიდან და აფრიკიდან.

ხმის მიცემისგან თავი შეიკავა აშშ-მა.

„რუსეთმა განზრახ გამოიყენა ზამთარი იარაღად, რითაც ყინვების დროს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვა.

მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ვალდებულებას, ვაგებინოთ პასუხი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩადენილი დანაშაულებისთვის. მსხვერპლთათვის სამართლიანობა არ არის მეორეხარისხოვანი — ის აუცილებელია მდგრადი მშვიდობისა და სამომავლოდ, მთელ მსოფლიოში სისასტიკის აღსაკვეთად.

რუსეთისგან კვლავ მოვითხოვთ, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და უზრუნველყოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებელი და უპირობო გაყვანა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარიანა ბეცამ გაეროში.

რეზოლუციების, დასავლური ქვეყნების მკაცრი განცხადებების, მზარდი ზეწოლისა და მშვიდობისკენ მოწოდებების მიუხედავად კრემლი რიტორიკას არიცვლის. ვლადიმერ პუტინი ადანაშაულებს უკრაინას, ან როგორც თვითონ უწოდებს — „კიევის რეჟიმს“, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში:

„ბრძოლის ველზე რუსეთისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენების წარუმატებლობის შემდეგ, მტერს გათვლა აქვს ინდივიდუალურ და მასობრივ ტერორიზმზე. ეს მოიცავს ქალაქების დაცხრილვას, საბოტაჟს ინფრასტრუქტურაზე და თავდასხმებს მთავრობისა თუ სამხედრო მაღალჩინოსნებზე.

ამის კიდევ ერთი მაგალითია 24 თებერვალს სავიოლოვსკის რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე ნათელია, რომ ეს ინტერნეტის მეშვეობით გადმობირების გავრცელებული შემთხვევაა…

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB), სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უნდა გააძლიეროს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა, სამხედრო კომპლექსების, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ასევე განათლებისა და სოციალური მიმართულებით მომუშავეთა უსაფრთხოება, განსაკუთრებით ჩვენს ისტორიულ და მოსაზღვრე რეგიონებში.

ეს ასევე ეხება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენიან პირებს — ჟურნალისტებსა და მოხალისეებს, რომლებიც მუდმივად არიან საფრთხის ქვეშ კიევის რეჟიმის მხრიდან.

ჩვენ ვსაუბრობთ შავი ზღვის ქვეშ ჩვენი გაზის სისტემების — ე.წ. „თურქული ნაკადის“ და „ლურჯი ნაკადის“ — შესაძლო აფეთქებაზე. როგორც ჩანს, ისინი ვერ წყნარდებიან. არ იციან, რა გააკეთონ, რომ სამშვიდობო პროცესი ჩაშალონ. ისინი ყველაფერს აკეთებენ პროვოკაციების ორგანიზებისთვის და ყველაფრისთვის, რაც, პირდაპირ ვიტყვი, ამ მოლაპარაკებებში იქნა მიღწეული, ძირს უთხრიან“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი განაცხადა, რომ მოსკოვს „ჯერ არ მიუღწევია სამხედრო მიზნებისთვის“, ამიტომ, დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად, სავარაუდოდ, კრემლი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ამავდროულად, რუსეთი იტოვებს უფლებას მიაღწიოს საკუთარ მიზნებს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. ამ მიმართულებითაც გრძელდება მუშაობა. ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის ინტერესები.

ჩვენი მთავარი მიზანი არის ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა — მათი, ვინც ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს უკრაინის აღმოსავლეთში და ვინც ნამდვილად სიკვდილის საფრთხის წინაშე იყვნენ. ეს პირველი მიზანია. რუსეთიც და რუსი ხალხიც ნამდვილად რადიკალურად შეიცვალა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში.

პრეზიდენტის ირგვლივ საზოგადოების ფენომენალური კონსოლიდაცია შედგა. ნათელია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიაზრა, რა არის კარგი და რა — ცუდი მთელი მსოფლიოს საერთაშორისო ამბებში…“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო მოქმედებების მეხუთე წლისთავის ათვლა დაიწყო.

კიევის ევროპელ მოკავშირეთა დღის წესრიგში ახლა არის: ერთი მხრივ — უნგრეთის ვეტოს დაძლევა და 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემა; მეორე მხრივ — ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური პლატფორმის გამოყენება უკრაინისა და უკრაინელების ინტერესების შესაბამისი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend