ევროპელი ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების თანახმად, ევროკავშირი ვაშინგტონთან საბაჟო გადასახადების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გადადებაზე მუშაობს.
ევროპული ბლოკის სახელმწიფოთა კანონმდებლებს ამ პროცესის შეჩერებისკენ უბიძგა დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის ირგვლივ არსებულმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა გაურკვევლობამ.
საუბარია ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ ზაფხულს მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი ევრობლოკიდან ექსპორტირებული საქონლის უმეტეს ნაწილზე 15%-იან ტარიფებს დააწესებდა, ხოლო, თავის მხრივ, ევროკავშირი ოკეანის გადაღმა მყოფ მოკავშირეს ბევრ საქონელზე გადასახადებს გააუქმებდა.
მაღალჩინოსნების თანახმად, ბრიუსელი ახლა უკიდურესად ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, როდესაც თანხმდება შეთანხმების რატიფიცირების გადადებაზე, რადგან ეს, შესაძლოა, დამატებითი, გაუთვალისწინებელი პრობლემების გამომწვევი აღმოჩნდეს.
მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები და ქვეყნის პრეზიდენტი ფედერალური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა, რასაც ტრამპი „სამწუხარო მოვლენად“ აფასებს.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდისა არის ტარიფები, რადგან დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსმა 50 000-იანი ნიშნული დაგეგმილ ვადაზე 4 წლით ადრე გადალახა, ხოლო S&P-მა მიაღწია 7 000 პუნქტის ნიშნულს, რაც ბევრი წლის განმავლობაში არ იყო მოსალოდნელი.
მე გამოვიყენე ეს ტარიფები, მივიღე ასობით მილიარდი დოლარი, რათა გამეფორმებინა ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო შეთანხმებები როგორც ეკონომიკური, ისე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ყველაფერი კარგად მუშაობდა. ქვეყნები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გვატყუებდნენ, ახლა ასობით მილიარდ დოლარს გვიხდიან. თქვენც და ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მწარედ გვატყუებდნენ ისინი „დემოკრატებმაც“ კი იციან ამის შესახებ, უბრალოდ არ სურთ ამაზე საუბარი.
ახლა ყველა ეს ქვეყანა კმაყოფილია, ისევე როგორც ჩვენ. ყველა შეთანხმება გაფორმებულია. ახლა იმდენ ფულს ვეღარ შოულობენ, როგორც ადრე, თუმცა ჩვენ გამოვიმუშავებთ ბევრ ფულს. არ გვქონდა ინფლაცია – ამის ნაცვლად კოლოსალური ზრდა. მთავარი ამბავი კი ის იყო, რამდენად სწორად იწინასწარმეტყველა დონალდ ტრამპმა ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის 22-მა ლაურეატმა კი – ვერ. ისინი ძალიან შეცდნენ…
სულ რაღაც 4 დღის წინ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ძალიან წარუმატებელი გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან წარუმატებელი, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ თითქმის ყველა ქვეყანასა თუ კორპორაციას სურს შეინარჩუნოს არსებული შეთანხმებები… მიუხედავად უზენაესი სასამართლოს იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილებისა, ჩვენს ქვეყანას ეზოგება თანხა, რომელსაც ვიღებდით მშვიდობიანობის დრო. ტარიფების დაწესების მუქარის გამო მე მოვაგვარე და აღვკვეთე ბევრი ომი. მათ მოგვარებას ვერ შევძლებდი, თუკი ტარიფები სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით იქნებოდა დაწესებული…
სამომავლოდ ქარხნები, სამუშაო ადგილები, ინვესიტიციები და ტრილიონობით დოლარი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იქნება მიმართული, რადგან ჩვენ, როგორც იქნა, გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამერიკას პირველ ადგილზე აყენებს. მე მიყვარს ამერიკა!“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა 24 თებერვალს.
კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ამ განცხადების მიუხედავად, იტალიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ფაბიო პანეტა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპის პროტექციონისტული სატარიფო პოლიტიკის ფინანსური დარტყმა ძირითადად თავად ამერიკულმა ეკონომიკამ იტვირთა.
მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს ფასების გაზრდა მოუწიათ, რათა გასასტუმრებელი ხარჯების 50% სწორედ მომხმარებლებზე მოსულიყო.
პოლიტიკური თვალსაზრისით კი, იტალია ფრთხილი მიდგომის მომხრეა, როგორც ევროპის ქვეყნებს შორის ამერიკაში ექსპორტირებული პროდუქტის წამყვანი სახელმწიფო.
იმ ფონზე, როდესაც იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40% ექსპორტზე მოდის, რომმა მოკავშირეები ვაშინგტონთან სავარაუდო სავაჭრო კონფლიქტის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მათ, თავი შეიკავონ ვითარების ესკალაციისგან, ტრანსატლანტიკური კავშირების შესანარჩუნებლად.
Nessuna guerra commerciale con gli Stati Uniti. Alle imprese italiane diciamo di avere fiducia, il Governo saprà difendere al meglio i loro interessi. pic.twitter.com/nF7F7kdW4D
— Antonio Tajani (@Antonio_Tajani) February 23, 2026
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ პირველ რიგში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა, შემდეგ კი დასძინა, რომ აშშ-სთან არანაირი სავაჭრო ომი არ უნდა არსებობდეს, ხოლო იტალიურ ბიზნესს უნდა ჰქონდეს მთავრობის ნდობა, რადგან, მისი სიტყვებით, სწორედ ქვეყნის ხელისუფლებამ იცის, როგორც დაიცვას მათი ინტერესები საუკეთესოდ.
დიპლომატის თანახმად, ამერიკული მხარისგან მათ მიიღეს გარანტია, რომ იტალიური კომპანიებისთვის არ შეიქმნება არასტაბილური გარემო.
ექსპერტების აზრით, ფრთხილი მიდგომა ზოგადად არის იტალიის ხელისუფლების ერთადერთი სწორი არჩევანი იმ ვითარებაში, როდესაც ჯორჯია მელონი შიდა წნეხს განიცდის და მოუგვარებელი საკითხების გათვალისწინებით, არ სურს დამატებითი დაძაბულობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
სატარიფო პოლიტიკის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

