ლვივში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი აღნიშნეს.
ცერემონიაში მონაწილეობდა ევჰენია ვოლჰინა, 2022 წელს ხარკივის მახლობლად დაღუპული 23 წლის სამხედროს, ვიაჩესლავ ვოლჰინის, დედა. მისი თქმით, შვილმა თავი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის გაწირა.
„მან თავი გაწირა. მესმის, რომ მან სიცოცხლე ჩემთვის, თავისი ახლობლებისთვის, მაგრამ ასევე ყველა იმ ადამიანისთვის დათმო, რომლებიც მხოლოდ უკრაინაში არ ცხოვრობენ“ – ამბობს
ლვივის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, ევჰენ ბოიკოს განცხადებით, სასაფლაოზე განათებული ადგილი იმ კეთილ საქმეს მიანიშნებს, რომელიც ვერ დაიფარება.
„სინათლის სხივების სიმბოლიკაში ძალიან ღრმა აზრია. „სინათლე სამყაროსთვის“ – ეს გამოთქმა სახარებიდანაა და ნიშნავს, რომ კეთილი საქმე ვერ დაიმალება. ჩვენი გმირების საქმეც უდიდესი კეთილი საქმეა, რომელიც მათ ცხოვრებაში გააკეთეს, რადგან მათ სიცოცხლე ჩვენ გადასარჩენად გაწირეს. ამ ღონისძიებას უკვე მეოთხედ ვატარებთ და ლვივში ის ტრადიციად იქცა. დღეს ოჯახების წევრებთან ერთად მათი სულებისთვის ვილოცეთ და მათ ხსოვნას მივაგეთ პატივი“ – ამბობს ლვივის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორი ევჰენ ბოიკო.
ცერემონიის დასასრულს, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღასრულეს.
„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ერთი შვილი მყავდა. მხოლოდ ერთი დღე კი არ უნდა იყოს, არამედ უფრო მეტია საჭირო, რომ არ დავივიწყოთ ის ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს, რომლებსაც არ ჰყავდათ შვილები და ოჯახები. ბევრ მათგანს გვარის გამგრძელებიც არ დარჩა, ისევე როგორც ჩემს შვილს. ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო“ – ამბობს დაღუპული ოლეგ მაზურის დედა ირინა მაზური.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე გმირთა მემორიალის ველზე მხოლოდ 38 უკრაინელი სამხედრო იყო დაკრძალული. დღეს ეს ადგილი უკრაინის წინააღმდეგობისა და თავისუფლებისთვის გადახდილი მძიმე ფასის სიმბოლოა.

