„სიტყვა „კაპიტულაცია“ ირანელების ლექსიკონში არ არსებობს“, – ასე უპასუხა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც ირანზე საუბრისას ეს ტერმინი ახსენა და თქვა, რომ დონალდ ტრამპი გაკვირვებულია, თუ რატომ არ იცვლის თეირანი ამ დრომდე პოზიციას.
ისმაილ ბაღაიმ თქვა ისიც, რომ „შეზღუდული სამხედრო დარტყმა“, რომელსაც დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ განიხილავს, არ არსებობს და რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ იერიშზე პასუხი ირანის მხრიდან სასტიკი იქნება.
„ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას შევძლებთ, როგორც ეს მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
ვფიქრობ, შეზღუდული დარტყმა არ არსებობს. აგრესიის აქტი აგრესიის აქტად ჩაითვლება, და ეს განხილვას არ ექვემდებარება. ნებისმიერი სახელმწიფო აგრესიის აქტს თავისი თავდაცვის უფლების ფარგლებში, სასტიკად უპასუხებს. სწორედ ასე მოვიქცევით ჩვენც.
რაც შეეხება ნებისმიერი გარიგების ან შეთანხმების ელემენტებს – როგორც არ უნდა ეწოდოს მას საბოლოოდ – ვფიქრობ, ეს საკმაოდ ნათელია. ასეთი შეთანხმების მთავარი ნაწილი სანქციების გაუქმება იქნება, რაც შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს. მეორე მხრივ, ირანი მკაფიო ზომებს მიიღებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა იარაღი არასდროს იქნება. ვფიქრობ, ეს არის ნებისმიერი შეთანხმების ორი მთავარი ელემენტი, რომელიც ორივე მხარემ შეიძლება განიხილოს.“
რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება. პარალელურად კი ომანის შუამავლობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად, თუმცა ხელშესახები შედეგის გარეშე მიმდინარეობს.

