მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთმა მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინაზე – დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე  მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის დროს გამოიყენებული იყო რაკეტები და დრონები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.

მაშველებმა ნანგრევებიდან რვა ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზარალებულთა შორის არიან ადგილობრივებიც.

„შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ახლაც კი ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სიზმარში ვარ. უბრალოდ… ჩემს ქმარს ისტერია დაეწყო. მე კი პირიქით, გაშეშებული ვიყავი, ვერაფერს ვიაზრებდი. მადლობა ღმერთს, იმ შენობებში მყოფი ადამიანები გადარჩნენ. ერთი მოზარდი გოგონა ყვიროდა და აქეთ გამოიქცა, როცა გარეთ გამოვედი, სწორედ მაშინ დავინახე ყველაფერი. ასე იყო“, – ამბობს კიევში  მცხოვრები ვალენტინა ბაბენკომ.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით 297 დრონი და 50 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა. მათგან უკრაინის თავდაცვის სისტემამ 274 დრონი და 33 რაკეტა ჩამოაგდო. თუმცა  14 ობიექტი მაინც დაზიანდა.

რუსეთმა იერიში მიიტანა ასევე უკრაინის სამხრეთით, ოდესის ოლქში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც.

„ღამით სასტვენის მსგავსი ხმა გაისმა. მერე გამეღვიძა, უმცროს შვილს ხელი მოვკიდე ; სახლი იწვოდა, ჩემი ცოლი უკვე მეორე სართულიდან გარბოდა. დედაც გამორბოდა. ფეხშიშველები გავიქეცით. ფილის ქვეშ მოვყევი  და ქვემოდან გამოძრომას ვცდილობდი. მეზობლები დამეხმარნენ, ფილა ავწიეთ, ბავშვი გამოვიყვანეთ და შიშვლები ქუჩაში გავცვივდით“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები დენის კოზლოვი.

უკრაინის დასავლეთ ქალაქ ლვივში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  25 კი დაშავდა. როგორც  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,  შემთხვევა რუსულ საჰაერო იერიშს არ უკავშირდება. საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით 86 უკრაინული დრონი გაანადგურა. ლუჰანსკში მდებარე ნავთობბაზაზე ორი დრონის დარტყმის შედეგად დაშავდა დაცვის თანამშრომელი და ცეცხლი გაუჩნდა საწვავის რეზერვუარს.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა. მიუხედავად საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობისა, უკრაინის მოსახლეობა კვლავ შიშში ცხოვრობს. ბოლო პერიოდში რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები ქვეყნის ენერგოსისტემაზე, ცივი ზამთრის პირობებში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა  დარჩენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend