მთავარიაზიაირანიპროტესტის სასტიკად ჩახშობის შემდეგ პირველად, ირანელმა სტუდენტებმა დემონსტრაცია გამართეს

პროტესტის სასტიკად ჩახშობის შემდეგ პირველად, ირანელმა სტუდენტებმა დემონსტრაცია გამართეს

ანტისამთავრობო გამოსვლების სასტიკად ჩახშობის შემდეგ პირველად, ირანის რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები კვლავ გამართეს.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში დაპირისპირებული ჯგუფები ჩანან – ისმის როგორც ანტი-სამთავრობო, ისე ხელისუფლების მხარდამჭერი შეძახილები და ჩანს, როგორ უპირისპირდებიან სტუდენტები ერთმაენთს.

დემონსტრაციები სამგლოვიარო ცერემონიებს დაემთხვა – გასულ კვირაში პროტესტის ჩახშობის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღიდან ორმოცი დღის თავზე რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამართა.

საპროტესტო გამოსვლები დაემთხვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდსაც – ჟენევაში მხარეების შეხვედრა ხუთშაბათს არის ჩანიშნული.

პროტესტის განახლების ფონზე, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საერთაშორისო ზეწოლას არ დაემორჩილება.

„ამ პრობლემების წინაშე თავს არ დავხრით. ვეცდებით, ჩვენს ქვეყანას პატივი და სიამაყე მოვუტანოთ. სანამ ცოცხლები ვართ და სუნთქვა შეგვიძლია, მზად ვართ მას ჩვენი სიცოცხლე შევწიროთ. ღვთის წყალობითა და ძალით, ამ სირთულეების წინაშე თავს არ დავხრით, მიუხედავად იმისა, რომ გარე სამყარო და გლობალური ძალები უსამართლოდ გვაიძულებენ დანებებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარალებების მორიგი რაუნდი მხარეებს შორის სულ რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს. ჟენევაში ხუთშაბათს ჩანიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შუამავალმი ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ალ-ბუსაიდიმ კვირას დაადასტურა.

მანამდე ცოტა ხნით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრას ელოდება და აღნიშნა, რომ ბირთვულ საკითხზე დიპლომატიური გადაწყვეტის „კარგი შანსი“ კვლავ არსებობს.

თავად სტივ უიტკოფმა კი განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის გასაკვირია, თუ რატომ არ შეიცვალა თეირანმა პოციცია ამ დრომდე.

„პრეზიდენტმა დღეს დილით მკითხა ამის შესახებ. არ მინდა სიტყვა გაბრაზებული გამოვიყენო, რადგან ის ხვდება, რომ ბევრი ალტერნატივა აქვს. თუმცა მას ეს უკვირს. არც სიტყვა „კაპიტულაციიის“ თქმა მინდა, თუმცა პრეზიდენტს უკვირს, რატომ არ გადადგეს ასეთი ნაბიჯი. ამგვარი ზეწოლის პირობებში, იმ საზღვაო ძალის გათვალისწინებით, რომელიც იქ გვაქვს – რატომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვეს: ვაცხადებთ, რომ ბირთვული იარაღი არ გვინდა, აი რისი გაკეთებისთვის ვართ მზად. თუმცა მათი ამ პოზიციამდე მიყვანა რთულია“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ბოლო კვირებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი გაგზავნა და სამხედრო ჩარევის შესახებ მუქარის კიდევ უფრო  გასამყარებლად რეგიონში საჰაერო თავდაცვას გააძლიერა. ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხნის მეტოქისგან დათმობებს ითხოვს.

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ ირანზე „შეზღუდულ სამხედრო დარტყმას“ განიხილავს. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ თეირანი შეთანხმების პროექტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.

არაღჩიმ CBS-ს უთხრა, რომ ირანი პროექტზე მუშაობას აგრძელებს და დაამატა, რომ ქვეყანას ურანის გამდიდრების უფლება აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას „ნულოვანი გამდიდრება“ არ მოუთხოვიათ, რაც ამერიკელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებს არ ემთხვევა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ახალი ეპიზოდი თეირანის მიერ ანტისამთავრობო აქციების სასტიკად ჩახშობის შემდეგ დაიწყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების სააგენტოს (Human Rights Activists News Agency) თანახმად, პროტესტის დარბევის შედეგად სულ მცირე 7 015 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 214 სამთავრობო ძალების წარმომადგენელია.

დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება, რადგან ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს ინფორმაციის გადამოწმებას.

ირანის მთავრობამ ერთადერთხელ – 21 იანვარს გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, პროტესტებისას 3 117 ადამიანი დაიღუპა. რაჟიმს აქამდეც არაერთხელ შეუმცირებია დემონსტრაციებზე მოკლულთა რაოდეობა, ან საერთოდაც უარი უთქვამს დაღუპულთა რიცხვის გასაჯაროებაზე.

ორივე ქვეყანა –  როგორც ირანი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები მიანიშნებენ, რომ თუ  ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩავარდება, ომისთვის მზად არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend